მთავარისაქართველოლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

ნატოში ინტეგრაციის საკითხები და ნატოს მომავალი სამიტის სამზადისი – ეს იყო ის ძირითადი თემები, რომლებზეც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა საქართველოში ვიზიტის დროს სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამჯერად თბილისიდან, კიდევ ერთხელ გამოხატა ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ბალტიური სახელმწიფო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი იჩენს.

ედგარს რინკევიჩსის თქმით, ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაცია იმის ნათელი დადასტურება უნდა იყოს, რომ ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი აქვთ.

„ჩვენ განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი, ხაზი გავუსვით აუცილებლობას, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში ნათლად იყოს აღნიშნული, რომ ორგანიზაციის კარი ღიაა, რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორებისადმი, რომელთაც ნატოში გაწევრიანების სურვილი აქვთ. ნატოს სამიტისგან ჩვენ ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველით იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებისთვის, როდესაც საქმე მე-5 მუხლს ეხება. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ ვიხილოთ ღია კარის პოლიტიკის და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურება. იმედი მაქვს, აღნიშნული სამიტის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, რომ შედგეს ნატო-საქართველოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსიმ.

 
ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე და აღნიშნა, რომ ლატვია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური და ერთგული პარტნიორია.

[br]„ევროპული მიმართულება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იყო ჩვენი განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ის, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ლატვია მიესალმება ახალ ფორმატებს, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ დაარსებულ სამეულს – ასოცირებული ტრიოს სამეულს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მე ბატონ მინისტრს ვაცნობე იმ ერთობლივი გეგმების შესახებ, რაც ამ სამეულის ფარგელბში არის დაგეგმილი – რომელიც, ვფიქრობ, რომ თვისობრივად კიდევ უფრო ახალ დატვირთვას შესძენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმას“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკლიანმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავასაც შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთერთობები განიხილეს.

ასევე ისაუბრეს ქვეყენებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.

მოგვიანებით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც ჩავიდა. ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი საქართველოში 8 ივნისს დასრულდება.

ანა ალელიშვილი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend