მთავარი გადაცემები ანგოლა ანგოლა ტურისტებს ელოდება

ანგოლა ტურისტებს ელოდება

უკვე რამდენიმე წელია, „ევრონიუსის“ გუნდი ანგოლის ღირსშესანიშნავ მხარეებს იკვლევს და მოხიბლულია მისი უნიკალურობით. „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი ეზიარა ანგოლის კულტურას, შეხვდა შესანიშნავ ხალხს და დატკბა ულამაზესი პეიზაჟებით.

მომაჯადოებელი ოკეანის სანაპიროებით, მრავალფეროვანი  ბუნებითა და სანაოსნო ადგილებით გამორჩეული ანგოლა თავის ტურისტულ პოტენციალს ითვისებს.

„ევრონიუსმა“ მოგზაურობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნამიბის თვალუწვდენელი უდაბნოდან დაიწყო. შემდეგ ქვეყნის სიღრმეში კუანდო-კუბანგოს მრავალფეროვანი ბუნებით  განთქმულ პროვინციას ეწვია. სწორედ აქაური მდინარეები ქმნიან მსოფლიოში ცნობილ ოკავანგოს დელტას.

ნამიბის უდაბნო, რომელიც ანგოლასა და ნამიბიაში მდებარეობს, სამხრეთი აფრიკის კალაჰარის უდაბნომდეა გადაჭიმული. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა.

უდაბნოს ანგოლის ნაწილში ადგილობრივ ტომებსაც შეხვდებით. ღამე კი შეგიძლიათ ეკოლოგიურ და კეთილმოწყობილ ბანაკში გაათიოთ.


ანგოლის სიღრმეში უნიკალურ, ნაყოფიერ მიწებს, მდინარეებსა და ველურ ბუნებას იხილავთ.

კუანდო-კუბანგოს პროვინციის ყველა მდინარე ოკავანგოს დელტაში ჩაედინება, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი იშვიათი ხელუხლებელი ჭაობია.

ჟურნალ National Geographic-ის  „ოკავანგოს ველური ბუნების პროექტის“ გუნდმა ამ ჭაობის მეცნიერულ კვლევას მრავალი წელი დაუთმო. გარემოს დამცველებს კუანდო-კუბანგო  გამორჩეულად მოსწონთ.

ბუნების დამცველი სტეფან ფონ ვიკი  თვლის, რომ მიაგნო  იმ ადგილს, სადაც დარჩენილი სიცოცხლის გატარება სურს. «ეს ძალიან მშვიდი ადგილია და, ჩემი აზრით, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს,“  –  ამბობს იგი.

ოკეანის სანაპიროზე ოთხამძრავიანი ავტომობილებით რბოლა, ე.წ. „ოთხი-ოთხზე“ [4×4]  ავტომობილით ჯირითი შეიძლება.

ანგოლა „ოთხი-ოთხზე“ რბოლისთვის არის შექმნილი. ზოგიერთი უჩვეულო ადგილი მხოლოდ ამ გზით შეიძლება ნახო. ეს თავგადასავალი იქ მთავრედება, სადაც მდინარე ონზუ  ოკეანეს ერთვის.

ალფრედო ოლივეირა, 4×4 ტურის ხელმძღვანელი:

„ყველასთვის, ვისაც ავტომობილით ექსტრემალური რბოლა ხიბლავს, ანგოლა იდეალური ქვეყნააა, ყოველმხრივ იდეალური.“

ანგოლაში ორბორბლიანი ტრანსპორტითაც  მშვენივრად იმოგზაურებ. შეგიძლია, ისეთ საოცარ ადგილზე შეჩერდე, როგორიც ეს მირადურუს ხედია.

ხორხე კასტოდიო დე ალმეიდა, Amigos da Picada-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი:

„ამ ქვეყანას თვალუწვდენელი სანაპირო ზოლი აქვს, ეს თვალწამრტაცი  ქვეყანაა…ანგოლა აფრიკის რეგიონული ტურიზმის ფარული ხიბლია.“

მოტოციკლით ნავარდის შემდეგ ღამე კომფორტულ სასტუმროში შეგიძლია გაატარო. მუბანგას  სასტუმრო მყუდრო და მშვენიერი მოსასვენებელი ადგილია.

შეგიძლია, ანგოლა მატარებლით მოიარო –  ოკეანის ერთი სანაპიროდან მეორემდე მდიდრული ვაგონით იმგზავრო და გზად ულამაზესი ხედებით დატკბე. ამ ტურს „ორი ოკეანის გზა“ ჰქვია. ეს არის პირველი სამგზავრო მატარებელი, რომელიც ტანზანიის ქალაქ დარ-ეს-სალამიდან ანგოლაში ლობიტუმდე მიდის.

დაფნე მაბალა, მატარებლის მენეჯერი:

„აფრიკის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მგზავრობა რაღაც განსაკუთრებულია… ანგოლაში არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ.“

დიანა ბუჩანანი, რომელმაც ამ უჩვეულო მატარებლით იმოგზაურა ამბობს,  რომ ამ 15 დღიანი საოცარი მოგზაურობის დროს ყველაფერი ახალი და განსხვავებული იყო. „შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რა ლამაზი ყოფილა ანგოლა,“ – ასეთია მისი აზრი.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

ანგოლაანგოლა

Send this to a friend