მთავარი საქართველო ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პოლიტიკოსები ისევ ვერ თანხმდებიან

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე პოლიტიკოსები ისევ ვერ თანხმდებიან

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში გრძელდება.

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ეს საკითხი ერთ-ერთია იმ ხუთ პუნქტიდან, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, თავის დოკუმენტში ასახა.

ხელმოწერის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა მისი აღსრულება დაიწყეს. პარლამენტში კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდა – „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის.

 
განხილვისთვის კი ერთი, მმართველი პარტიის ვერსია გავიდა. ოპოზიცია კვლავ აცხადებს, რომ ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერს.


„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიას ახლავს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. არის ბუნდოვანი მიდგომა. ამიტომ მას ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი ვერსია აქვს ამ დოკუმენტის, მხარს არასდროს დავუჭერთ“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მათ ვერსიას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მაინც უმრავლესობაშია. საპარლამენტო უმრავლესობას კანონის მიღება მათი მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, თუმცა იმედოვნებენ, რომ პოზიციების შეჯერება მოხდება.

„თუ იქნება რაციონალური ინიციატივა, ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება ამნისტიის გამოცემაზე შარლ მიშელის ჩანაწერს. ეს არის მთავარი სულისკვეთება, რომ ამნისტიის მიღების არსი უნდა იყოს ამ რთული, მძიმე და მტკივნეული დღის პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთად დაძლევა. ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას, ყველა პირს, ყოველგვარი წინაღობების გარეშე“, – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ახლა პოლიტიკურ კონსულტაციებზეა დამოკიდებული რა ფორმით მიიღებს პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს კანონად. ვის შეეხება ამნისტია და ვის არა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

პოლიტიკოსებიპოლიტიკოსები
Send this to a friend