მთავარისაქართველოახალგაზრდების ნაწილს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბარი ონლაინ ურჩევნია

ახალგაზრდების ნაწილს სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ საუბარი ონლაინ ურჩევნია

სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში ახალგაზრდებს ინტერნეტი ეხმარება.

მათ შორისაა სოციალური ქსელის ჯგუფები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი 42 ათასამდე ქალს აერთიანებს. მასში განიხილება თემები სექსუალური ცხოვრებისა და ჯანმრთელობის შესახებ. სწორედ ასეთი ჯგუფის წევრია ელენე კვერნაძე.

„ამ ჯგუფებში ჩანს, რომ ძალიან დიდი ინტერესია, ძალიან ბევრი კითხვა აქვს ადამიანებს სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რაც დრო გადის უფრო კომფორტულად საუბრობენ ამაზე. თუმცა მე ვნერვიულობ რამდენად სწორი და საკმარისი ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ფეისბუკის ჯგუფიდან, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს ექიმთან კონსულტაცია ან რეალურ კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია. მე რომ ვიყავი თინეიჯერი და ახლანდელ თინეიჯერებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. მაგრამ ჩემი აზრით, კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, განსაკუთრებით სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს რაც ეხება იმიტომ, რომ ეგ საკითხი ცოტა ალბათ არარომანტიულად და არასექსუალურად მიგვაჩნია“,  – ამბობს ელენე კვერნაძე “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.

ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თაობაზე არასაკმარისად საუბრობენ ახალგაზრდებთან. შესაბამისად ჩამოყალიბდა სტიგმები.

[br]ფსიქოთერაპევტი ფიქრობს, რომ პრევენციის გზები არის ტრენინგები, სასკოლო განათლება და რესურსები, რომელსაც მოზარდი თავად მოიძიებს.

„ეს რესურსები მოზარდისთვის უნდა იყოს მიწოდებული გასაგები და საინტერესო ენით. ეს შეიძლება იყოს ვიდეო ან ანიმაცია ან ისეთი სახით, რომ მოზარდმა არ აღიქვას რომ ვიღაც მას ასწავლის ჭკუას.  ხშირად როდესაც სექსუალურ განათლებაზე გვაქვს საუბარი, ესეც სტიგმატიზირებული საკითხია. არსებობს აზრი, რომ ამით ჩვენ ვუბიძგებთ, რომ დაიწყოს სექსუალურად აქტიური ცხოვრება. აქ უფრო იმაზეა საუბარი, როგორ დავიცვათ ადამიანი იმისგან, რომ არ დაუშვას სერიოზული შეცდომები თავის ცხოვრებაში“,  – თქვა ლიკა ბარაბაძემ.

საქართველოში ექიმებს ძირითადად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიმპტომებით ან დაუგეგმავი ორსულობის დროს მიმართავენ.

მეან-გინეკოლოგი ქეთი ტაბუცაძე ამბობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ძირითადად გოგონები მიმართავენ. ის ფიქრობს, რომ ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ მამაკაცებში იშვითად ხდება მსგავსი დაავადების სიმპტომების გამოვლინება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნობით, 2020 წელს საქართველოში აღირიცხა ათაშანგის  – 863, გონორეის – 396, ქლამიდიაზის – 1310, ტრიქომონიაზის – 2462 და გენიტალური ჰერპესის – 374 შემთხვევა.

„ცუდია ის, რომ დროულად ხშირად არ მოდიან ექიმთან, ხდებიან გავრცელების მიზეზი. თუმცა არსებობს ის მომენტი, რომ არ არის მიმღებლობა. ამიტომ ადამიანი რასაც აკეთებს, აკეთებს დამალულად, კითხვებს არ სვამს სწორად, არ სვამს იქ სადაც საჭიროა და ეს ისევ მის ჯანმრთელობაზე ვლინდება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი ქცევა რაც წყვილს შორის ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება ორივეს, როგორც ქალს, ისე მამაკაცს”, – ამბობს ქეთი ტაბუცაძე.

ფეისბუკჯგუფები და საინფორმაციო ვებსაიტები ახალგაზრდებს ეხმარება მეტი იცოდნენ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, თუმცა პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, საუკეთესო გზად ექიმთან მისვლა რჩება.

ანეტ მიქელაძე, თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend