მთავარისაქართველოთბილისის აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს

თბილისის აბრეშუმის მუზეუმის რესტავრაცია მიმდინარეობს

თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უძველესია. იგი 1878 წელს დაარსდა და კავკასიის მეაბრეშუმეობის მთავარ კვლევით ცენტრს წარმოადგენდა. მუზეუმის უნიკალური ექსპონატების დიდი ნაწილი ამჟამად ყუთებშია შენახული, რადგან შენობაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეს აბრეშუმის საქსოვი დაზგებია. მათზე ფერადი და ძალიან ხარისხიანი აბრეშუმი იქსოვებოდა. ახლა ისინი სამუზეუმო ექსპონატებია. ეს კი, აბრეშუმის მუზეუმი გახლავთ!

მუზეუმის ექსპონატებს შორისაა მუყაოს ყუთების კოლექცია, რომელიც გრენის, ანუ აბრეშუმის ჭიის კვერცხების გადასატანად გამოიყენებოდა. გამორჩეული დიზაინის მქონე გრენის კონტეინერები მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვდა. ყუთებს აქვთ მცირე ნახვრეტები, რომლებიც გრენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფდა.

თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მუშტაიდის ბაღის მახლობლად მდებარეობს.

[br]შენობა, თბილისში მოღვაწე ცნობილი პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრ შიმკევიჩის მიერაა აგებული. მუზეუმი  მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო მთელ კავკასიაში. აბრეშუმი ძალიან ძვირფასი და იშვიათი ქსოვილია.   მე-19 საუკუნის ბოლოსათვის,  აბრეშუმის ჭიის დაავადება გავრცელდა და  ცენტრის დამაარსებლის ნიკოლაი შავროვის მთავარი მიზანი სწორედ ამ დაავადების დამარცხება იყო.

„მუზეუმი1887-92 წლებში დაარსდა, მას კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური ერქვა. ცნობილია, რომ მის ასაშენებლად ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო რუსეთმა. რუსებს კავკასიიდან აბრეშუმის მიღება სურდათ. სადგურის მშენებლობას წინ უძღოდა ექსპედიციები, რომლის დროსაც ამოწმებდნენ იყო თუ არა შემოსული იმ დროს გავრცელებული დაავადება პებრინა“, – იხსენებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნინო კუპრავა.

აბრეშუმის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მისი დამზადების საიდუმლო დასავლური სამყაროსთვის  საუკუნეების განმავლობაში უცნობი იყო. ისტორიკოსების აზრით, აბრეშუმი, რომელსაც ძველქართულად „ჭიჭნაური“ ერქვა, საქართველოში მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში შემოვიდა.

“ვახტანგ გორგასალმა ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ შემოიტანა გრენა. აბრეშუმს  მოიხსენიებენ ასევე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში. შუშანიკის წამებაში წერია, რომ შუშანიკი, ნაცვლად ჭიჭნაობისა, კითხულობს ფსალმუნს“, – ამბობს ნინო კუპრავა.

ამჟამად თბილისის აბრეშუმის მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რესტავრაციის პროცესის ერთ-ერთი მონაწილის ნათია აბასაშვილის თქმით, პროექტის მიზანი მუზეუმისთვის ავთენტური სახის დაბრუნებაა.

“ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის, რამაც დღემდე მოაღწია. 1989 წელს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა იყო დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომები, მაგალითად მასალის გამოყენების თვალსაზრისით. ასევე ბევრი სხვა დეტალი, რომლის გამოსწორებასაც ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდთან ერთად ვცდილობთ“, – ამბობს არქიტექტორი ნათია აბასაშვილი.

მსოფლიოში აბრეშუმის მუზეუმი ძალიან იშვიათია.  თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კი მათ შორის ერთ-ერთი უძველესია.

აქ უნიკალური ექსპონატებია დაცული და მათი ნახვა,  განახლებული ექსპოზიციის სახით, დამთვალიერებელს მალე შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend