მთავარისაქართველოსაქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების საერთო გზავნილები NATO-ს სამიტამდე

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების საერთო გზავნილები NATO-ს სამიტამდე

ორი ქვეყნის საერთო გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და ორი ქვეყნის საერთო მიზანი – ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია – ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან ერთად ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩემი შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა მხოლოდ დროის საკითხია და ორი ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ მიზანს მალე მიაღწიონ.

[br]„რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ საქართველოსი და ძალიან ვაფასებთ მის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარების და ასევე დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. ჩემი მხრივ, მინდა დავადასტურო უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინა საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებს.

„ოკუპაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევა, ვართ ერთმანეთის სოლიდარული და მნიშვნელოვანია რომ კოორდინირებულად ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ გვაქვს საერთო ხედვები და მიზნები ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

14 ივნისს ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება. ორი ქვეყანა საერთო საგარეო გამოწვევებითა და მიზნებით, მნიშვნელოვან გზავნილებს ახლა სწორედ ბრიუსელიდან ელის.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend