ვენაში ირანის ბირთვული მოლაპარაკების მონაწილეები შეთანხმების ბოლო რაუნდისთვის ემზადებიან, რომლის მიზანია, აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება და ირანის მიერ შეთანხმების პირობების შესრულება.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ენრიკე მორამ, რომელიც თავმჯდომარეობდა მოლაპარაკებებს ვენაში, განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ირანისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები მომდევნო კვირას ავსტრიის დედაქალაქში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
,,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალ კვირას კვლავ შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ რაუნდზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს რთული პროცესია როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური საკითხების თვალსაზრისით.ახლა ჩვენ რთული გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ. ამიტომ ლოგიკურია, რომ დელეგაციების ხელმძღვანელები დედაქალაქებში დაბრუნდებიან. ისინი თავიანთ ხელისუფლებას გააცნობენ, მოლაპარაკებების რა ეტაპზე ვართ და იმედი მაქვს, დაბრუნდებიან ახალი იდეებით, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს მოლაპარაკებები.მე ახლა დეტალებს არ განვიხილავ. მე ვგულისხმობ რამდენიმე პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხს, რომლებიც კვლავ განსახილველია. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნამდვილად გვაქვს პროგრესი”,- განაცხადა ენრიკე მორამ
[br]ირანს, რუსეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთსა და არაპირდაპირი მონაწილეობით შეერთებულ შტატებს შორის დისკუსიებს ევროკავშირი თავმჯდომარეობს. მხარეები შეთანხმების აღდგენისთვის აუცილებელ ნაბიჯებს განიხილავენ.
იმის გამო, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან პირისპირ მოლაპარაკებაზე უარი თქვა, ვენაში ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს არ ხვდებიან. დანარჩენი ხელმომწერი სახელმწიფოების წარმომადგენლები ორივე მხარესთან პირისპირ აწარმოებენ მოლაპარაკებას.
მოლაპარაკებების პროცესი გაართულა აპრილში ირანის ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ის ურანს 20 პროცენტის ნაცვლად 60 პროცენტამდე ამდიდრებდა.
ირანის ხელისუფლების განაცხადებით, შეთანხმებას არ დაიცავს, თუ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ განახლებული სანქციები არ გაუქმდება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მზად არის გააუქმოს ყველა სანქცია, რომლებიც შეთანხმებასთან არ არის დაკავშირებული.
ავტორი: მარიამ ქობულია