მთავარი საქართველო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროექტი PITA დასრულდა

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროექტი PITA დასრულდა

ხუთწლიანი პროგრამა PITA, რომელიც საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებდა დასრულდა.

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის შემაჯემებელ ღონისძიებას ოფიციალური პირები, ორგანიზატორები და წარმატებული მონაწილეები დაესწრნენ. PITA-ს მთავარი ფინანსური მხარდამჭერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID იყო და ის საქართველოს გაეროს ასოციაციის ეგიდით განხორციელდა.

 
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა საქართველოს USAID-ის წარმომადგენლობასთან, სახელმწიფო მინისტრთან და სახალხო დამცველის მოადგილესთან ერთად. ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის მიერ დაფინანსებული პროგრამის PITA-ს წარმატებით დასრულებას. ამ პროგრამამ ხელი შეუწყო საზოგადოებაში სამართლიანობის, ტოლერანტობისა და ინტეგრაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას. ეს პროექტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასოციაციის მიერ განხორციელდა და მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოების ჩართულობას  – რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა და ნებისმიერი სხვა ნიშნის მიუხედავად“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.


PITA-ს შემაჯამებელ ღონისძიებაზე მყოფმა მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აღნიშნეს, რომ პროექტი მათ მრავალმხრივ დაეხმარა. შემცირდა სიძულვილის ენა, დისკრიმინაციის შემთხვევები და სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის ადამიანებმა, ერთმანეთთან დამეგობრება დაიწყეს.

„მე მარნეულიდან ვარ და PITA-ს პროგრამაში დასაწყისიდანვე ჩავერთე. ამ პროგრამამ თავის მიზანს მიაღწია და ახლა უამრავი მეგობარი მყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებთანაც ერთად უამრავი საინტერესო, საჭირო და სახალისო პროექტი განვახორციელეთ. ჩემს ირგვლივ ახალგაზრდებში და პირადად ჩემში, უამრავი რამ შეცვალა ამ პროგრამამ. გვასწავლა ერთმანეთის მიმღებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა. მონაწილეობა მივიღეთ გაცვლით და ინტელექტუალურ პროექტებში და ვფიქრობ, რომ ამით უდიდესი შედეგი დაიდო. მსურს, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით კიდევ უნდა შედგეს ასეთი პროექტები“, – თქვა პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილე რაშან ზიადალიევმა.

პროგრამა PITA-ს ფარგლებში საქართველოში წლების განმავლობაში უამრავი პროექტი განხორციელდა. 11 პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე, საქართველოს 13 ქალაქში 14 ახალგაზრდული ცენტრი დაარსდა, რომელიც ამ პროგრამის დასრულების მიუხედავად, საქმიანობს გააგრძელებს და კვლავ ხელს შეუწყობს მოქალაქეებში ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მნიშვნელობის გაძლიერებას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend