პირველ ივნისს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რასაც სოციალურ ქსელში ვაქცინის ეფექტიანობის თაობაზე მანიპულაციური კომენტარები მოჰყვა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 23 მარტს აიცრა, 1 ივნისს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მომხმარებლების ნაწილმა ეჭვი შეიტანა ვაქცინის ეფექტიანობაში.
იმის მტკიცება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადამიანს კორონავირუსისგან არ იცავს და არაეფექტიანიანია, მანიპულაციური ხასიათისაა. ვირუსისგან 100-პროცენტიანი დაცვის გარანტია ჯერჯერობით არცერთ ვაქცინას არ აქვს. თუმცა როდესაც ვაქცინების არაეფექტიანობაზე საუბრობენ, დეზინფორმაციაა. ვაქცინა დაავადების შემთხვევაში ამცირებს მდგომარეობის დამძიმებისა და გარდაცვალების შანსებს.
მანიპულაციური პოსტების შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა ფაქტ-ჩეკერმა „მითების დეტექტორმა“ გაავრცელა.
დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები რეკომენდაციების დაცვას არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე დოზის მიღების შემდეგაც აძლევენ მოსახლეობას. ეს რეკომენდაციები ეხება ყველა ვაქცინას, რომლებსაც დღეს მსოფლიოში იყენებენ. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზეა აღნიშნული, დაახლოებით 2 კვირა სჭირდება ვაქცინას იმისათვის, რომ ორგანიზმში იმუნური დაცვა უზრუნველყოს. ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია, პირი დაინფიცირდეს, თუ ვაქცინამ ვერ მოასწრო იმუნიტეტის შექმნა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 135 მილიონი ადამიანია აცრილი ორი დოზით. წინასწარი მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 აპრილამდე მსუბუქ ფორმებში კორონავირუსი დაუდასტურდა 10 262 აცრილ ადამიანს, გარდაცვალების შემთხვევა არ გამოვლენილა.