დიდ ბრიტანეთში კარგი ამინდია. სანაპიროები სავსეა დამსვენებლებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია. მოსალოდნელი პიკის შესახებ მეცნიერები მინისტრებს აფრთხილებენ.
ქვეყანაში 3 კვირაში ყველანაირი შეზღუდვის მოხსნას აპირებენ, თუმცა ამ გეგმის შესრულება დღეს უკვე საეჭვოა.
დიდ ბრიტანეთში ახალი ინდური შტამი ვრცელდება. უკვე მეექვსე დღეა, კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების 3000 ახალი შემთხვევა ვლინდება.
ნადიმ ზაჰავი, დიდი ბრიტანეთის მინისტრი ვაქცინაციის საკითხებში, ამბობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. როგორც იგი აღნიშნავს, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, რომლებშიც ინდური შტამი არ არის გავრცელებული, ვითარება სტაბილურია. თუმცა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ნელ-ნელა იზრდება გავრცელების მაჩვენებელი.
ასევე დამტკიცდა, რომ 2-დოზიანი ვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გამოიყენება, ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგ.
ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას აპირებენ, ტვიკენჰემის სტადიონზე უკვე მოეწყო ვაქცინაციის ცენტრი.
მოსახლეობაც ვაქცინაციის პროგრამის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე საუბრობს.
საფრანგეთში ვაქცინაციის პროგრამა ახლა ყველა ზრდასრული ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.
იტალიაში კი კორონავირუსის გადაცემის მაჩვენებელი იკლებს.
3 რეგიონი უკვე გადავიდა თეთრ ზონაში, რადგან უკვე მესამე კვირაა, 100 000 სულ მოსახლეზე კორონავირუსის 50-ზე ნაკლები შემთხვევა ვლინდება.
ხელისუფლება შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს.