მთავარი საქართველო ბავშვები ქუჩიდან

ბავშვები ქუჩიდან

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია აღინიშნება, თუმცა ბავშთა უფლებების დაცვა ბევრი ქვეყნისთვის კვლავ გამოწვევაა.

საქართველოც მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს, თუმცა ქვეყანაში მრავლად არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ განათლების უფლება, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის მომსახურებაზე და ხშირ შემთხვევაში საკვებზეც კი.

საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში. ამ დროისთვის 200-ზე მეტი არასრულწლოვანია სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და შეუძლიათ დღის ცენტრის ან 24-საათიანი თავშესაფრით სარგებლობა, თუმცა როგორც ამ მიმართულების სპეციალისტები ამბობენ, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა საქართველოში 200-ზე გაცილებით მეტია.

ბავშვები, რომლებსაც სახლი არ აქვთ, დროებითი თავშესაფრის ეზოში თავიანთ სურვილებს წერენ. ზოგის ოცნება სახლია, ზოგის – ზღვა, რომელიც არასდროს უნახავს, ზოგს უბრალოდ მშობლები სჭირდება.


“ბავშვები, რომლებიც ჩვენთან ქუჩიდან მოდიან, მათი ყველა უფლება დარღვეულია. მათ აქვთ უფლება მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება, იარონ სკოლაში, თუმცა როგორც წესი, ჩვენი ბავშვები ამას მოკლებული არიან. ისინი თითქოს ამ ასაკიდანვე დიდები არიან და იძულებული ხდებიან ჩართული იყვნენ შრომით საქმიანობაში, ან ითხოვონ მოწყალება. ჩვენს ცენტრში კი შეუძლიათ თავი ბავშვებად იგრძნონ” – ამბობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის და მასთან არსებული დღის ცენტრის (ფონდი საქართველოს კარიტასი) კოორდინატორი ირინა აბულაძე.

თავშესაფარი, სადაც ახლა არასრულწლოვნები არიან, მათი დროებითი მისამართია. მანამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა მიზეზით. მთავარი მიზეზი სიღარიბეა.

“ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების კატეგორიები სხვადასხვაგვარია – არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ კონფლიქტი კანონთან და ამის გამო ისინი ხშირად ქუჩაში არჩევენ ცხოვრებას. ეს კი არის პირდაპირ იმის შედეგი, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან გვაქვს სერიოზული პრობლემები. მეორე კატეგორიაა ბავშვები, რომლებიც მძიმე სოციალური ფონის გამო არიან  ქუჩაში და ითხოვენ როგორც მოწყალებას, ასევე ფიზიკურად შრომობენ. ცალკე კატეგორიაა ბავშვთა დანაშაულებრივი ჯგუფები. ცოტა ხნის წინ გამომჟღავნდა კიდეც ერთ-ერთი ფაქტი. უამრავი ასეთი შემთხვევაა, მაგრამ სახელმწიფო ამაზე არ რეაგირებს” – აცხადებს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” უფლებადამცველი ნანა გოჩიაშივლი.

ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის თავშესაფრის მოსაძებნად მთელ ქვეყანაში 6 მობილური ჯგუფი მუშაობს, ანუ 24 სპეციალისტი. საქართველოში არ არსებობს მონაცემები, რამდენ არასრულწლოვანს უწევს ქუჩაში ცხოვრება თუ მუშაობა. არც მათი დახმარების მექანიზმებია მრავალფეროვანი.

“როდესაც ქუჩაში ვხედავთ ბავშვს და შეიძლება ის წინააღმდეგი იყოს ნებისმიერ შეთავაზებაზე, დახმარებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იმ ადამიანების, რომლებმაც აიძულეს და ქუჩაში ბავშვის ყოფნას შეუწყვეს ხელი. უფრო მეტი მექანიზმის არსებობა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობდა ბავშვის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, მის განთავსებას საჭირო მომსახურებაში ან ოჯახში დამაგრებას. უკეთესი მექანიზმების არსებობა ამ პროცესს ხელს შეუწყობდა” – ამბობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მობილური ჯგუფის მთავარი სოც. მუშაკი ნინო რეხვიაშვილი.

ბავშვთა დაცვის დღეს სპეციალურ დაფაზე დაწერილ ოცნებებს ერთი საერთო აქვთ – ბავშვებს სურთ, რომ თავს დაცულად გრძნობდნენ.

ნანუკა მეშველაშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend