მთავარიგადაცემებიFarm to Forkწყალმცენარე, როგორც ალტერნატიული საკვები

წყალმცენარე, როგორც ალტერნატიული საკვები

წყლის ეკოსისტემა შეიძლება სასურსათო ჯაჭვში ჩაერთოს. საკვებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ  წარმოების მდგრადი სისტემა უნდა შეიქმნას. ესაა მიზეზი, რის გამოც ევროპა  წყალმცენარეებსაც უღებს კარს.

ადამიანი წყალმცენარეებს დიდი ხანია მიირთმევს, მაგრამ ახლა ყურადღების ცენტრში მიკროწყალმცენარე მოექცა, რომელიც ძალიან ნოყიერია და ჯანსაღი.

პორტუგალიის სოფელ  პატაიასში კომპანია ALLMICROALGAE წყალმცენარის  ინგრედიენტის დამზადებაზე მუშაობს, რომელსაც ნამცხვრებში, პურში, სწრაფი კვების პროდუქტებსა და სპრედებში გამოიყენებენ. კვების სპეციალისტი ანაბელა რაიმუნდო ლისაბონის უნივერსიტეტში სწორედ ასეთი მიკროწყალმცენარეების შემცველ პროდუქტებზე მუშაობს.

იგი ამბობს, რომ „უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი ალტერნატიული საკვები, რომელიც ხელმისაწვდომიც იქნება და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც.“ ანაბელას განმარტებით, მიკროწყალმცენარეები ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია, რადგან ისინი „მდიდარია პროტეინითა და ბიოაქტიური შენაერთებით. ამიტომ ეს მცენარეები მნიშვნელოვანი რესურსია და მათი გამოყენება უამრავ საკვებში შეიძლება.“

 
მტკნარ წყალშიც და ზღვაშიც წყალმცენარის ათასობით სახეობა გვხვდება. დიდებს  მაკროწყალმცენარეებს უწოდებენ და ისინი წყალმცენარეების 20 პროცენტს შეადგენენ. დანარჩენი 80 პროცენტი კი მიკროწყალმცენარეებზე მოდის.

[br]ეს ერთუჯრედიანი მცენარეები საკვებად ვარგისი რომ გახდეს, მათ ლაბორატორიაში ამ კოლბებში ამუშავებენ. თითოეულ წყალმცენარეს განსხვავებული კვებითი ღირებულება აქვს. მაგრამ ყველაზე პოპულარული მათ შორის, რაც ადამიანის რაციონში გამოდგება, ქლორელა და სპირულინაა.

იოანა სილვა, კომპანია ALLMICROALGAE-ს კვლევისა და განვითარების ტექნიკური მენეჯერი:

„ლაბორატორიაში ანალიზის საფუძველზე შევაფასებთ, რამდენად კარგად მიდის ფოტობიორეაქტორში ზრდის პროცესი. უნდა გავიგოთ, რა ხდება უჯრედის შიგნით, რომ დავადგინოთ, შუალედური საკვები ნივთიერება რა რაოდენობით პროტეინსა და მაგნიუმს შთანთქავს. ასევე ვამოწმებთ რკინის, ასევე სხვადასხვა მიკრო და მაკრო მკვებავი ნივთიერების დონეს, რომლებიც  მნიშვნელოვანია კვებისთვის და რომლებიც წყალმცენარის ოპტიმალური ათვისების საშუალებას იძლევა.“

დიდი რაოდენობით ბიომასის მისაღებად წყალმცენარეების კულტივაცია ზედმიწევნით ზუსტ პროცედურებს მოითხოვს. ტრადიციული საფუარი, რომელსაც ლუდის წარმოებაში იყენებენ, ფერმენტაციის პროცესს უწყობს ხელს. მიღებულ ნივთიერებას ათავსებენ  ფართო ფოტობიორეაქტორში, სადაც ნივთიერების მოცულობა  იზრდება მანამ, სანამ შესაბამის სტანდარტსა და ხარისხს  მიაღწევს.

იოანა სილვა, კომპანია ALLMICROALGAE-ს კვლევისა და განვითარების ტექნიკური მენეჯერი:

„სათესლე მასალა ითესება მეორე რეაქტორში, რომელშიც მისი მოცულობა  ყოველ ჯერზე იმატებს, სანამ რეაქტორში იმდენი  უჯრედი არ დაგროვდება, რომ მისი დამუშავება ღირდეს. გადამუშავების შედეგად უჯრედების კონცენტრირებული მასა უნდა მივიღოთ. შემდეგ შეგვიძლია ვაწარმოოთ კონცენტრირებული კრემი, რომელიც აკვაკულტურის ბაზარზე გავა, ან ფხვნილი, რომელსაც საკვებში ინგრედიენტად ან დანამტად გამოიყენებენ.“

კვების ინდუსტრიის ინტერესი წყალმცენარეების მიმართ სწრაფად იზრდება, რადგან მომხმარებელს ახალი მოთხოვნები აქვს, თან ეს პროდუქტი ეკოლოგიურია და ჯანსაღი.

ჟულიო აბელჰო, ALLMICROALGAE-ს მმართველი დირექტორი:

„მცენარეზე დაფუძნებული პროტეინის წარმოება საშუალებას მოგვცემს, რომ ვეგეტარიანული და ვეგანური კვების რეჟიმის გარდა, სხვა სექტორებშიც შევიდეთ. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კუთხეც, რომელიც ჯერ არ არის განვითარებული. ესაა სამედიცინო საკვები მათთვის, ვინც ავადაა და მაღალი პროტეინის შემცველ პროდუქტს ვერ მიირთმევს.“

ევროკავშირის „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის ფარგლებში, ევროკომისია წყალმცენარეთა ინდუსტრიის სრული პოტენციალის ათვსებას 2022 წლის პირველ ნახევრამდე აპირებს.

ავტორი: კლაუდიო როსმინო

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend