მთავარი საქართველო სამყარო ყვითელ ჩარჩოში

სამყარო ყვითელ ჩარჩოში

NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს მეასე ნომერი

National Geographic-ი მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია.

იგი 1888 წლიდან  36 ენაზე იბეჭდება, 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება და 100 მილიონი მკითხველი ჰყავს.

ქართულ ენაზე National Geographic-ი 2012 წლიდან გამოდის კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.

სულ ახლახან National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემის მეასე ნომერი დაიბეჭდა და ეს ამბავი წინანდლის მამულში საგანგებოდ აღინიშნა.

რას უკავშირდება National Geographic-ი… ცოდნას და თავგადასავლებს.

ამაზე მაგარი და მიმზიდველი კი არაფერია. ალბათ ამიტომ არის, რომ უკვე კარგა ხანია, გადასცდა საუკუნეს, რაც საქვეყნოდ ცნობილი ყვითელი ჩარჩო და ყველაფერი ის, რაც ამ ჩარჩოში ეტევა, ცოდნის, დაკვირვებისა და განვითარების სტანდარტად იქცა.


ახლა ამ ყვითელ ჩარჩოში ქართული ამბებიც საკმაოდ მრავლად  ეტევა.

„დაახლოებით ცხრა წლის წინ იყო, როდესაც გადაწყდა, რომ „National Geographic -საქართველო“ უნდა შექმნილიყო. ჩვენი იდეა გახლდათ, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ ჟურნალი, არამედ ყოფილიყო ის პლატფორმა, რომელიც გადასცემდა National Geographic-ის ღირებულებებს. როდესაც თავის დროზე იქმნებოდა National Geographic-ი, მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი გახლდათ „ბელი“, იმდროინდელი კომუნიკაციის ლიდერი. ასევე სიმბოლურია, რომ საქართველოში „National Geographic – საქართველოს“ მხარს უჭერდა და რეალურად შექმნა კიდეც კომპანია „სილქნეტმა“, ანუ საქართველოში კომუნიკაციის ლიდერმა”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ამ 9 წლის წინანდელ ამბავს  „National Geographic – საქართველოს“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილიც იხსენებს.

მხარეებს შორის შეთანხმება  ვაშინგტონში, National Geographic-ის სათავო ოფისში შედგა და მას „დამფუძნებელი მამების“ ოთახში მოეწერა ხელი.

„დამფუძნებელთა მამების ოთახი – ასე ეწოდება იმ ოთახს. ზუსტად ამ ოთახში მოვაწერეთ ხელი. მას შემდეგ გავიდა ცხრა წელი. იმ მომენტში არ იყო ასეთი ადვილი წარმოსადგენი, რომ ასეთი წარმატების მომტანი შეიძლება ყოფილიყო. მე კი ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს გრძელვადიანი პროექტია,  თუმცა ასეთ წარმატებას, თუნდაც იმას, რაც თუშეთის სტატიასთან დაკავშირებით მოხდა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო“, – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

ასე დაიბადა ქართული National Geographic-ი, ცოდნისა და განათლების წყარო მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის შესახებ და ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ხალხისათვის. ეს გამოცემა არასოდეს ღალატობს სტანდარტებს, ზედმიწევნით იცავს ფოტოგრაფიისა თუ სტატიების ხარისხსა და დონეს.

National Geographic-ი რომ გქონდეს ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის ფუფუნება.

„მართალია… ეს ნამდვილად ფუფუნებაა. ყველა ქვეყანას არ აქვს ეს ჟურნალი, ეს, რა თქმა უნდა, არც ისე იოლია. ეს არის ფილანთროპიული პროექტი. როდესაც შენ ამას იწყებ, უნდა იცოდე, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი. ეს არ არის დაკავშირებული მატერიალურ მოგებასთან, მაგრამ მას უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის ამას გააკეთებს და უკვე აკეთებს. ჩვენ ამას ვხედავთ. იდეა არის ის, რომ შენ შენი საზოგადოებისთვის გააკეთო წარმატებული პროექტი და წარმატებული საქმე. ეს არის იდეა“, – ამბობს „National Geographic – საქართველოს“ დამფუძნებელი.

ახლახან National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემის მეასე ნომერი დაიბეჭდა და ეს ამბავი  წინანდლის მამულში  საგანგებოდ აღინიშნა ჟურნალის გულშემატკივრებისა და გამომცემლების მიერ. ღონისძიების მხარდამჭერი ქართულენოვანი National Geographic – ის დამფუძნებელი კომპანია „სილქნეტი“ იყო.

„თავისთავად, ფაქტია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ღონისძიება. 10 წელია, რაც საქართველოში გამოდის National Geographic-ის ქართული ვარიანტი. ის ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის ნამდვილი ფანჯარაა მსოფლიოში. ეს არის  საშუალება, რომ გავიგოთ სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. მეცნიერული ფაქტები და ეს ყველაფერი ადამიანის ცნობიერებას ამაღლებს. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურობასა და საკუთარ თავზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ დავფიქრდეთ, როგორია მსოფლიო დღეს., როგორ იცვლება. ჩვენც უფრო მეტად უნდა გავხდეთ ამ მსოფლიოს ნაწილი,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალის ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ფიქრია. National Geographic-ში მსოფლიოში მიმდინარე უამრავ მნიშვნელოვან მოვლენაზე წერენ.

სამეცნიერო ღირებულების მქონე მასალებს ჟურნალი პოპულარულ და ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოსცემს. ჟურნალის ნომრებს უსასყიდლოდ გადასცემენ სკოლებს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ სასწავლებლებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლება, აღარაფერს ვამბობ ხარისხიან საკითხავზე ზრდასრული ადამიანებისთვის. ჩვენმა დამფუძნებელმა კომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო მომავალ თაობაში, რადგან ამ ჟურნალის კითხვით, მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობით აღსავსე, გაცნობიერებული და თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდობა გაიზრდება”, – ამბობს „National Geographic – საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ნათია ხულუზაური.

ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან საერთაშორისო ასპარეზზე  აღიარებული მეცნიერები – დავით ლორთქიფანიძე, ზაზა კოკაია, დავით ფრანგიშვილი და გია დვალი.

„ამომწურავად შეფასება იმ სიკეთისა, რომელიც „National Geographic – საქართველოს“ მოაქვს ქართველი საზოგადოებისთვის, ძალიან ძნელია. უპირველეს ყოვლისა, ჟურნალი სამეცნიერო ცოდნის გამავრცელებელი პლატფორმაა  ქართული საზოგადოებისთვის, ყველა ასაკისა და ყველა პროფესიის მკითხველისათვის. ეს საშუალებაა მეცნიერების მნიშვნელობისა და ღირებულების წარმოსაჩენად. აი, ამ ყველაფერს კი „National Geographic – საქართველო“ აკეთებს ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა „National Geographic – საქართველოს“ სამეცნიერო საბჭოს წევრმა დავით ფრანგიშვილმა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ამბებისა და თავგადასავლების შესახებ პირველწყაროსთან წვდომა დიდი ამბავია. მაგრამ ამ პროექტმა შესაძლებელი გახადა, ქართული ამბები გაეგო მსოფლიოს. National Geographic-ს ხომ მთელ მსოფლიოში 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

სტატია „გზაზე“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მთავარი, ინგლისურენოვანი  National Geographic-ის ვებგვერდზე, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი მკითხველი ჰყავს. მანამდე კი სტატია იაპონურ, გერმანულ, ჩეხურ, ბულგარულ, სლოვაკურ, პოლონურ და ესტონურ ენებზე გამოიცა. ამ პუბლიკაციამ ევროკავშირის პრიზიც მოიპოვა ჟურნალისტიკაში.

„დღეს სწორედ ამის აღსანიშნავი ერთობლივი ღონისძიებაა. ჩვენ აღვნიშნავთ „National Geographic – საქართველოს“ მეასე ნომერს და თუშეთის სტატიის წარმატებას, რომელიც უკვე რვა ენაზე გამოქვეყნდა, მათ შორის მთავარ ვებგვერდზე ინგლისურად.  უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში არსებობს ისეთი ხარისხიანი სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა, როგორიც არის National Geographic-ი“,  – ამბობს ნათია ხულუზაური.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ავტორისთვის. ერთი მხრივ, უკვე წარმატებაა, როცა National Geographic-ში მუშაობ და მისთვის წერ რაღაც სტატიას. მეორე მხრივ, ის ინგლისურენოვანი გამოცემაა და სხვა ქვეყნის გამოცემები ინტერესდებიან შენი სტატიით და თარგმნიან კიდეც. ეს დიდი სტიმულის მომცემია ავტორისთვის.

ჩვენ უნდა დაგვეწერა სტატია National Geographic-ისთვის თუშ მეცხვარეებსა და მათ მიგრაციაზე ბარიდან მთაში. თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ სტატია მხოლოდ თუშ მეცხვარეებზე იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში საკმაოდ ვრცელი სტატია გამოვიდა ზოგადად თუშეთზე, თუშეთის პრობლემებზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე. ძალიან ბევრ რამეს შევეხეთ, ისტორიას მათ შორის. საბოლოო ჯამში დიდი პროექტი გამოვიდა, რომელმაც მოიცვა მთლიანად თუშეთი,“ – აღნიშნა სტატიის „გზაზე“ ავტორმა გიორგი გოგუამ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

გიორგი გოგუა სტატიის ავტორია, თუშეთის საოცარი ფოტოები კი – ფერნანდო ხავიერ ურკიხოსა და ნიკოლოზ მჭედლიძეს ეკუთვნით.

წინანდლის მამულში გულშემატკივრებმა იხილეს დოკუმენტური ფილმის ნაწყვეტებიც, რომლებიც ამ სტატიაზე მუშაობის პროცესსა და  თუში მეცხვარეების ცხოვრებას გადმოგვცემს.

National Geographic-ი – ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია,  ბიოლოგია,  გეოგრაფია, ასტროფიზიკა და სხვა, და სხვა, და სხვა… ყვითელ ჩარჩოში ჩატეული მთელი პლანეტის ცხოვრება.

ახლა ამ ყვითელ ჩარჩოში ქართული ამბებიც მოჩანს.

უახლესი

სხვა ამბები

NATIONAL GEOGRAPHICNATIONAL GEOGRAPHIC
Send this to a friend