ისრაელში პოლიტიკური დაძაბულობა იმატებს. პოლიტიკურ პარტიებს ოთხშაბათამდე აქვთ ვადა, რომ მომავალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ.
მოქმედი პრემიერის ბენიამინ ნეთანიუჰის ყოფილი მოკავშირე ნაფტალი ბენეტი აცხადებს, რომ ცენტრისტულ ძალებთან გაერთიანებას აპირებს. ამით კი, შესაძლოა, ქვეყნის დიდი ხნის ლიდერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის 12-წლიანი პერიოდი დასრულდეს.
ისრაელის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შესაძლოა, დაკავებული თანამდებობა დატოვოს, რადგან მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ერთიან კოალიციურ მთავრობას.
ერთ დროს ნეთანიაჰუს მოკავშირე, „იამინას“ პარტიის ხელმძღვანელი ნაფტალი ბენეტი ისრაელის ლიდერის მთავარ ოპონენტებთან გაერთიანებას აპირებს. მისი განცხადებით, ყველა მხარეს შეუძლია, იყოს მთავრობაში.
მთავრობამ წარმატებით რომ იმუშაოს, ამისათვის საჭიროა, მოლაპარაკებების დროსა თუ შემდგომ პერიოდში ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს. როგორც ბენეტი ამბობს, არავის მოეთხოვება, საკუთარ იდეოლოგიაზე უარის თქმა, თუმცა გარკვეულ დათმობაზე წასვლა ყველას მოუწევს.
ნეთანიაჰუმ მაშინვე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ყველა იმ ადამიანს მიმართა, რომლებიც მემარჯვენე ფრთის მხარდამჭერთა ხმებით აირჩიეს და მოუწოდა, არ გადაუხვიონ არჩეულ გზას და არ დაუშვან მემარცხენე მთავრობის ჩამოყალიბება.
ამავდროულად, ბენეტსა და მის ახალ პარტნიორებს, რომლებსაც სათავეში ოპოზიციის ლიდერი იარ რაპიდი უდგას, ჯერ კიდევ აქვთ რამდენიმე პრობლემა მოსაგვარებელი, თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შედგეს შეთანხმება და ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი. როგორც ცნობილია, ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში 4-ჯერ ჩატარდა არჩევნები.
მხარეებს ოთხშაბათამდე აქვთ ვადა, რათა შეთანხმება გაფორმდეს, რომლის მიხედვით, თითოეული მხარის წარმომადგენელი 2 წლით დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, პირველი კი ბენეტი იქნება.
თუ ბენეტი, ლაპიდი და მათი პარტნიორები შეძლებენ შეთანხმების გაფორმებას, ეს ნიშნავს, რომ დასრულდება ნეთანიაჰუს რეკორდულად ხანგრძლივი 12-წლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი.
თუმცა საეჭვოა, რომ ნეთანიაჰუმ, რომელიც ამდენს ხანს იყო ქვეყნის სათავეში, თანამდებობა ბრძოლის გარეშე დატოვოს.