მთავარი გადაცემები კუბი ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას ეხმაურებიან

ევროკავშირის და აშშ-ის საელჩოები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას ეხმაურებიან

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

„ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ. თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა“, – აღნიშნავენ საელჩოები.

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების განცხადების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად და ბევრი სხვა პრიორიტეტული საკითხის მოსაგვარებლად.

 
„ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას, შეესრულებინა ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.


იმ ფაქტს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ოფიციალურ ტვიტერზე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნებაც“. პარტიის წევრთა აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, აღიარა მარცხი.

„რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია“, – განაცხადეს პარტია „ქართულ ოცნებაში“.

ამავე თემას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ძალიან დასანანია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. შეთანხმება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდება და სხვა ოპოზიციური პარტიების ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნაწილია“, – წერს კრამონი ტვიტერზე.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი. ხელისუფლების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხება ყველა პირს, რომლებმაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული. თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ  ამნისტია 19-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებზე არ უნდა გავრცელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend