როგორ გამოვიყენოთ ქართული დიასპორა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და როგორ შევუწყოთ ხელი საზღვარგარეთ ქართული ენის ცოდნის ამაღლებას.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე დღეს, 28 მაისს, ეს ორი მთავარი თემა განიხილეს.
დიასპორის დღე თბილისში ყოველწლიურად აღინიშნება. ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათი პროფესიული განათლებისა და პოტენციალის ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოყენება.
ფორუმზე ასევე აღინიშნა დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიღწევები.
დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, მსგავსი შინაარსის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის.
[br]გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა ქვეყნიდან საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დიასპორული ორგანიზაციების მეტი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 ევროკავშირში განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს მთლიანად, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი მოქალაქეების სრულ კონსოლიდაციას და აქ დიასპორული ორგანიზაციების როლი ძალიან დიდია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიას განცხადებით, დიასპორის ყველა დაინტერესებულ წარმომადგენელს უნდა მიეცეს არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
“ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ ეს ადამიანები დაინტერესდებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.
მარიამ ქუხილავა