მთავარი საქართველო სასამართლო რეფორმა, რომელიც იგვიანებს

სასამართლო რეფორმა, რომელიც იგვიანებს

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, სადაც ამბიციურ სასამართლო რეფორმაზეა საუბარი, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

დოკუმენტში საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდასა და გამჭვირვალობაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შედგენილ დოკუმენტში, განსაკუთრებული ყურდღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას ეთმობა.

სასამართლო უფრო მეტად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე უნდა იყოს – მოსამართლეები კი მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით უნდა დაინიშნონ.

ასე შეთანხმდნენ 19 აპრილს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

 
“მართლმსაჯულების რეფორმა პირველ რიგში შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და ეს შემთხვევითი არ არის. საბჭო არის მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რგოლი. სწორედ ეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. ამ უწყებას აქვს კომპეტენცია, დანიშნოს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები და პარლამენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები, ამიტომაც თუკი საბჭო არ იქნება სწორად ჩამოყალიბებული და მის შემადგენლობაში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი პროფესიული რეპუტაცია, შეუძლებელია სასამართლო ხელისუფლებაზე და მის რეფორმირებაზე ვისაუბროთ”, – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.


შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამბიციურ სასამართლო რეფორმაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაც მოიაზრება.

უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის, შეფასების, დაწინაურებისა და დისციპლინური გადაწყვეტილების საკითხი.

სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის მნიშვნელოვანია.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მიმართულებით იყო პრობლემა – ერთი მიმართულება გულისხმობდა არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ერთპიროვნულად და მეორე – ამ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ დახურულ კარს მიღმა. ეს კარი ახლა გაიხსნა და პროცესები უფრო მეტად გამჭვირვალე გახდა, მაგრამ ჩვენ ამის შედეგად დავინახეთ, კლანი როგორ საქმიანობს, არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფი რას აკეთებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პროცესების გახსნამ კლანის, როგორც ტერმინის, საერთაშორისო არენაზე გაჟღერებაც კი გამოიწვია”, – ამბობს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე.

სასამართლო რეფორმისთვის მეათე მოწვევის პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. სამოქალაქო სექტორში სურთ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა საკანონმდებლო ორგანოში ფართო ჩართულობით მოხდეს.

“მიმდინარე წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხრა წევრი უნდა შეიცვალოს, აქედან 4 წევრი მოსამართლეთა კონფერენციამ უკვე დანიშნა, ანუ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული სულისკვეთება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დარჩენილია არამოსამართლე წევრების არჩევა, რაც უნდა გააკეთოს პარლამენტმა. არასამთავრობო სექტორის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ არამოსამართლე წევრები აირჩიონ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსი თამთა კახიძე.

რამდენად იქნება სასამართლო რეფორმის მორიგი ტალღა მართლაც ამბიციური, ეს ახლა კანონმდებლებზეა დამოკიდებული.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

სასამართლოსასამართლო

Send this to a friend