დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შტამების მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსული ხუთი მოგზაურისგან აღებული ნიმუშების PCR კვლევისა და გენომის სეკვენირების შედეგად დადგინდა, რომ ისინი კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით იყვნენ ინფიცირებულნი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხუთივე ადამიანს აქვს უცხოეთში, კერძოდ კი შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. ხუთიდან ორი საქართველოს მოქალაქეა, რომელთა კონტაქტებიც მოძიებულია და ისინი იზოლირებულნი არიან. რაც შეეხება სამ უცხოეთის მოქალაქეს, მათ ქვეყანა უკვე დატოვეს.
ვირუსის ე.წ. ინდური შტამი ხასიათდება ორი მუტაციით „სპაიკ“ ცილაში, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედებში შესაღწევად იყენებს.
[br]10 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. ინდური ვარიანტი აღწერა როგორც შტამი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. ეს კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კიდევ სამი, ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამისთვის აქვს მინიჭებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ე.წ. ინდური შტამი 53-ზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული და არსებული ინფორმაციით, მისი გავრცელების უნარი გაზრდილია.
„კორონავირუსის ყველა შტამს აქვს დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა. ბრიტანული და ინდური, განსხვავებით სხვებისგან, ახალგაზრდებშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება, რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს, ამ სხვადასხვა შტამით გამოწვეულ კლინიკურ სურათში დიდი განსხვავება არ არის“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ამ დროისთვის დამტკიცებული ყველა ვაქცინა ამჟამად არსებულ ყველა შტამზე მოქმედებს.
Allow me to emphasize.
That all #COVID19 virus variants can be controlled in the same way. With public health & social measures.
And that all #COVID19 virus variants that have emerged so far, do respond to the available, approved vaccines. @hans_kluge
— WHO/Europe (@WHO_Europe) May 20, 2021
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით Pfizer-ის ორივე დოზით აცრის შემთხვევაში ინდური შტამის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობა 88, ხოლო AstraZeneca-ს ორივე დოზის შემთხვევაში კი 60 პროცენტია.