მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარისაფრანგეთის მინისტრი პოსტკოვიდურ ეპოქაში საზოგადოებას მეტი თანასწორობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის მინისტრი პოსტკოვიდურ ეპოქაში საზოგადოებას მეტი თანასწორობისკენ მოუწოდებს

2020 წლის ივლისში  ელიზაბეტ მორენო საფრანგეთის  გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრად დაინიშნა. იგი პოლიტიკაში შედარებით ახალბედაა, თუმცა სანამ ტექნოლოგიურ სექტორში გავლენიანი ბიზნესლიდერი გახდებოდა, სხვადასხვა სოციალური საფეხური გაირა.

კაბოვერდელი ემიგრანტების ქალიშვილმა, რომელსაც გზის გასაკვალად ბრძოლა დასჭირდა, კარგად იცის საყოველთაო თანასწორობის მნიშვნელობა. „ევრონიუსთან“ ინტერვიუს დროს, ელიზაბეტ მორენომ ისაუბრა, თუ როგორ ებრძვის საფრანგეთი დისკრიმინაციას და რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ქალებისა და ლგბტ+ თემის უფლებებზე ევროპაში.

დღეს თქვენი მისია დისკრიმინაციასთან ბრძოლაა. პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობა და დისკრიმინაცია. ყველაზე მეტად კი ქალები ზარალდებიან. როგორ აპირებთ, გაუმკლავდეთ ამ  გამოწვევას?

 
ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

[br]„თქვენს კითხვას რომ ვუსმენდი, სიმონ დე ბოვუარის სიტყვები გამახსენდა. იგი ამბობს, რომ ნებისმიერი კრიზისის დროს, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური, ბრძოლით მოპოვებული ქალთა უფლებების საკითხი უარესდება. ზუსტად ეს მოხდა პანდემიის დროსაც.

ქალები იდგნენ კრიზისის ფრონტის წინა ხაზზე, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ქალები არიან დასაქმებული ჯანდაცვის სექტორში.  ქალები უვლიდნენ მოხუცებს, ქალები იყვნენ განათლებაში, დისტრიბუციაში, დალაგება-დასუფთავებაც ქალების საქმე იყო.

გარდა ამისა, როგორც თავად განაცხადეთ, ქალი დაზარალდა ყველაზე მეტად, რადგან, როდესაც საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა,  ქალები სახლიდან დისტანციურად მუშაობდნენ. როცა ახერხებდნენ,  ბავშვებს ამეცადინებდნენ და, იმავდროულად, სახლის საქმესაც  აკეთებდნენ. როგორც ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ტექნოლოგია ძალიან კარგი გამოსავალი იყო ქალისთვის, რადგან საშუალებას აძლევდა, სამსახური და საშინაო საქმე შეეთავსებინა.  მაგრამ ამავე დროს, ეს შესაძლოა, ხაფანგიც აღმოჩნდეს ქალისთვის. სახლში ერთდროულად საოჯახო და სამსახურის საქმის კეთება წარმოუდგენლად დიდი ფსიქოლოგიური წნეხია.

პოსტკოვიდური სამყარო უფრო ინკლუზიური და თანასწორი უნდა გავხადოთ. ეს მხოლოდ უფლებების დაცვას კი არ უნდა შეეხოს, არამედ ქალებს ემანსიპაციისთვის მეტი შესაძლებლობები უნდა მივცეთ.“

კარანტინის დროს დრამატულად მოიმატა კონკრეტულად ოჯახურმა  ძალადობამ. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორ უმკლავდება საფრანგეთი ამ პრობლემას?

ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

„დღეს ძალადობა კლავს, კლავს  ფიზიკურად, კლავს ოცნებებსა და ამბიციებსაც. 2019 წელს ჩვენ დავიწყეთ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები ოჯახური ძალადობის საკითხებში ჩართულ ხალხთან ერთად. დისკუსიების შედეგად 46 კონკრეტული ზომა გატარდა. მაგალითად, გაჩნდა რამდენიმე თავშესაფარი, რომლებშიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ, თავი შეაფარონ. ასევე დაიშვა მოძალადეებზე შემაკავებელი სამაჯურების შებმა, რომ მათ მსხვერპლთან მიახლოება ვერ შეძლონ.“

რაც შეეხება შემაკავებელ სამაჯურებს, მაგალითად,  ესპანეთში ეს მექანიზმი უკევ ათ წელზე მეტია, რაც აამოქმედეს. საფრანგეთმა ძალიან ხომ არ დააგვიანა?

ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

„მართალი ბრძანდებით. ეს სამაჯურები საფრანგეთის იურისდიქციაში სრული მასშტაბით გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა. ახლა მაისია. ცოტა დრო უნდა მივცეთ, რომ ეფექტი დავინახოთ.

სულ რამდენიმე წლის წინ ოჯახური ძალადობა მხოლოდ ახალი ამბების თემა იყო, სანამ 70 ათასი პოლიციელი არ გადავამზადეთ ისე, რომ ოჯახური ძალადობის აღკვეთა  სპეციფიკური მიდგომით შესძლებოდათ. რამდენიმე წლის წინ, მოსამართლეები ოჯახური ძალადობის საქმეების მიმართ ასეთ გულმოდგინებას არ იჩენდნენ. რამდენიმე წლის წინ საზოგადოება თვლიდა, რომ ოჯახური ძალადობა პირადი საქმეა და არ უნდა ჩაერიო.“

ახლა მინდა, გაგესაუბროთ ბიზნესის სამყაროზეც, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ახლახან მიიღო კანონი, რომ კომპანიებში, რომლებშიც ათას კაცზე მეტია დასაქმებული, სავალდებულო გახდეს კვოტების დაწესება. სხვა გამოსავალი არ არსებობს?

ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

„ეს კანონი რამდენიმე პუნქტს შეიცავს. თქვენ უკვე ახსენეთ, კრიტერიუმები, რომ იმ კომპანიებს, რომლებშიც ათასზე მეტი დასაქმებულია, მოსთხოვენ, რომ მენეჯერულ პოზიციებზე 30 პროცენტი ქალი დანიშნონ. მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს კანონი მხოლოდ კვოტებს არ გულისხმობს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უმაღლესი განათლების კუთხითაც, რომ უფრო მეტი გოგონა დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომლითაც ბევრი ქალი არ არის დაინტერესებული, ეს პროფესიებია: მეცნიერება, ტექნოლოგია და ინჟინერია. ციფრულ სექტორში დღეს უზარმაზარი პროფესიული შესაძლებლობებია, რომლებსაც ქალები მოკლებული არიან. საფრანგეთის დამწყები ბიზნესის მხოლოდ 12 პროცენტი ეკუთვნის ქალებს, მხოლოდ 12 პროცენტი.“

სულ ახლახან იყო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. უფლებამდაცველი ასოციაციები რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, უნგრეთში, პოლონეთსა და საფრანგეთშიც,  სერიოზულ პრობლემებს ხედავენ ლგბტ LGBT საზოგადოების უფლებების დაცვის კუთხით. საფრანგეთს საყვედურობენ, რომ უმოქმედოდ არის. რას უპასუხებდით ამ ასოციაციებს?

ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

„ჩვენ 42 ღონისძიება გავატარეთ ლგბტ პლუსი LGBT+ თემის უფლებათა დაცვის მიზნით, რომ ამ ხალხის ყველა უფლება იყოს ხელშეუხებელი. ისინი დაცული უნდა იყვნენ  იმ სიძულვილისა და დისკრიმინაციისაგან, რომელთა მსხვერპლიც არიან,  მათი ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს. მომავალში გვინდა, რომ ლესბოსელ წყვილებს და მარტოხელა დედებს  სამედიცინო მომსახურება რეპროდუქციის თვალსაზრისითაც გაუწიონ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უსამართლობა იქნება, თუ ჩავთვლით, რომ საფრანგეთი ნებაყოფლობითობის მომხრე  არ არის.

როდესაც პოლონეთი ასეთი დაუჯერებელი წინადადებით გამოვიდა, რომ ზოგიერთ სივრცეში ლგბტ პლუს თემი არ დაუშვას, ჩვენ ვიმოქმედეთ. ევროკავშირს მივწერეთ და სანქციების დაკისრება მოვთხოვეთ, რადგან ევროკავშირი არის ასევე ის ფასეულობები, რომლებიც ერთად უნდა დავნერგოთ და გავიზიაროთ.“

როგორც ემიგრანტი ქალი, თუ აღმოჩენილხართ ოდესმე დისკრიმინაციის წინაშე? და როგორი იყო თქვენი პასუხი?

ელიზაბეტ მორენო, საფრანგეთის გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრი:

„აბსოლუტურად ყველა სახის დისკრიმინაცია გამომიცდია, რაც კი შეიძლება, რომ წარმოიდგინოთ, უკლებლივ ყველა. მე ვარ ქალი, ფერადკანიანი, ემიგრანტი  და უნარშეზღუდული. ვერ მოგიყვებით ყველა იმ ტკივილსა და დამცირებაზე, რომლებიც გამივლია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვარ, ვინც ვარ. იმავდროულად, ნამდვილად გამიმართლა, რომ გავიზარდე ქვეყანაში, სადაც რესპუბლიკური სკოლის სიკეთით ვისარგებლე, სადაც შევძელი, ჩემი ადგილი დამეკავებინა. ჩემი მშობლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ეს შესაძლებელი იყო. ვერც მე წარმოვიდგენდი, რადგან ჩემნაირი ადამიანები გამუდმებით თვითცენზურით იტანჯებიან, რადგან სულ ის ესმით, რომ ეს მათთვის არ არის ან „ვინ გგონია შენი თავი?“ „იცოდე შენი ადგილი“. ზოგიერთი ნებდება. მე გამიმართლა, რომ ჩემ ირგვლივ იყო ხალხი, რომელიც გვერდით დამიდგა, რომელიც ჩემთვის გაისარჯა, რომელიც დამეხმარა. და ახლა ამ თანამდებობაზე, რომელიც მიკავია, სწორედ იმავეს გაკეთება მსურს სხვებისთვის.“

 

ავტორი: ანე დევინო

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend