მთავარისაქართველორას ყვებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღეზე

რას ყვებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები დამოუკიდებლობის დღეზე

დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

103 წელი გავიდა, რაც თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

შემდეგ იყო ოკუპაცია, რომელიც 70 წელი გაგრძელდა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლო. საბჭოთა კავშირის მმართველობა და შემდეგ თავისუფლება, თაობებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ყვებიან ისინი დამოუკიდებლობაზე, როგორ აღიქვამს სამი თაობის წარმომადგენელი დამოუკიდებლობის დღეს.

84 წლის მსახიობმა ზანდა იოსელიანმა მოგვიყვა იმ დღეზე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შეძლო. თქვა, რომ მშობლების წყალობით საბჭოთა რეჟიმის სიმძიმე საკუთარ თავზე ნაკლებად თუ უგრძვნია, მაგრამ თავისუფლების ფასი ახლაც იცის.

„ამის ფასი როგორ არ ვიცი? თავისუფლება თავისუფლებაა, ჩვენმა მშობლებმა უფრო  მტკივნეულად გადაიტანეს სხვა სახელმწიფოზე დამოკიდებულების სიმძიმე და შემდეგ გათავისუფლება, ეს ნამდვილად მონაპოვარია და ეს ვინც მოიპოვა იმათმა თავის ცხოვრებიდან ბევრი გაიღეს“, – ამბობს მსახიობი ზანდა იოსელიანი.

რას ფიქრობდნენ ახალგაზრდები მაშინ? მაია სამადაშვილი 1991 წელს 25 წლის იყო. იხსენებს, რომ დამოუკიდებლობაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, ამაზე ჩუმად საუბრობდნენ და მაშინ, როცა ეს რეალობა გახდა, ყველას იმედი გაუჩნდა, იმედი და შიშიც, რომ დამოუკიდებლობას მოფრთხილება დასჭირდებოდა

„დამოუკიდებლობამდე პერიოდში საშინელი უსამართლობის განცდა მქონდა ბავშვობიდანვე.  მე თვითონ როცა ვფიქრობდი დამოუკიდებლობაზე ვიცოდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა, ჩემი მეგობრები ამბობდნენ, რომ ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და შევჭამთ ბალახს, მეც თანახმა ვიყავი პრინციპში ამ ბალახის ჭამაზე. ნელ-ნელა მივდიოდით იქამდე, ნელ-ნელა კი არ მოვიდა ჩვენ მივდიოდით“, – იხსენებს მაია სამადაშვილი.

ნელ -ნელა გათავისუფლებულ ქვეყანაში ახალი თაობები გაჩნდნენ. გიგა ცერცვაძე 22 წლისაა, ზანდასგან და მაისგან განსხვავებით ის დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და მისთვის საბჭოთა კავშირის მმართველობა მხოლოდ ისტორიაა და არა მოგონება.

„როდესაც იზრდები დამოუკიდებელ საქართველოში, დღითიდღე იგებ და განიცდი ამ დამოუკიდებელი საქართველოს პრივილეგიებს. ჩვენ თაობას გვაქვს ეს პრივილეგიები, თუნდაც ის, რომ გვაქვს წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე – ეს ჩემთვის დამოუკიდებლობაა“, – ამბობს 22 წლის გიგა ცერცვაძე.

26 მაისის აღსანიშნად თბილისის ქუჩებში დროშებია გამოფენილი, ეს დროშები ყველას ახსენებს, რომ დამოუკიდებლობა ჯილდოა და მას ყველა თავისებურად აღიქვამს.

“მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს”, -ზანდა იოსელიანი.

“ახლა მშვიდი შეგრძნება მაქვს, თუმცა შიში იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი დამოუკიდებლობა არ დავკარგო, მაინც მაქვს”,- მაია სამადაშვილი.

„თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს“,- გიგა ცერცვაძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend