ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგრძელებს ტურნეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
მან შეხვედრები გამართა ებრაელ და პალესტინელ ლიდერებთან. საუბარი ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, სამომავლო გეგმებსა და დახმარების პაკეტებს.
ენტონი ბლინკენი ახლა ეწვევა მეზობელ ეგვიპტესა და იორდანიას, რომლებიც ისრაელი-პალესტინის 11-დღიანი კონფლიქტის დროს მედიატორის როლს ასრულებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც პალესტინელებისთვის დიპლომატიური სამსახურის ოფისის გახსნას უკავშირდება. იგი მათ 40 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებასაც დაჰპირდა. მან დაპირებები გასცა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს. იგი შეხვდა ებრაელ და პალესტინელ ლიდერებს, რათა ღაზის სექტორში კიდევ უფრო განმტკიცებულიყო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ცოტა ხნით ადრე კი იერუსალიმში ბლინკენმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, ორივე მხარის მიმართ ერთნაირი მიდგომა ჰქონდეს, განსხვავებით წინამორბედი პრეზიდენტისგან. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ცალსახად ისრაელს უჭერდა მხარს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს არის შესაძლებლობა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დალაგდეს და რომ ეს ერთადაერთი გზაა ისრაელის მომავალი კეთილდღეობისა და დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. მან ასევე დასძინა, რომ აუცილებელია პალესტინელებსაც ჰქონდეთ სახელმწიფო, რომელიც მათ ეკუთვნით.
ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პალესტინელები არც უხსენებია. თუმცა მან მკაცრად გააფრთხილა ყველა, რომ პასუხი უმკაცრესი იქნება, თუკი ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.
ბლინკენი შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის მოხელეა, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ესტუმრა ისრაელს. ბლინკენი ახლა გაემგზავრება მეზობელ ეგვიპტესა და იორდანიაში, რომლებიც 11-დღიან კონფლიქტში შუამავლის როლს ასრულებდნენ. როგორც ცნობილია, ამ კონფლიქტს ძირითადად პალესტინელების სიცოცხლე შეეწირა.