მთავარი საქართველო შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება

შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება

საქართველოში, ეპიდემიოლოგების თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადავლილია და ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება.

ამის ფონზე საქართველოს მთავრობა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად, შეზღუდვებს კიდევ უფრო ამსუბუქებს.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც უკვე ერთ წელზე მეტია დაკეტილია, პირველი ივნისიდან იხსნება.

ადამიანები დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას იმ შემთხვევაში, თუ წარადგენენ ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარტესტის უარყოფით პასუხს.

ხოლო არავაქცინირებულ პირებს პისიარტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემდეგ მომდევნო 72 საათში განმეორებით მოუწევთ ტესტირება.

ამასთან ერთად გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტიორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ითვალისწინებს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.


იმ ქვეყნების ჩამონათვალს კი, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებსაც საქართველოს საზღვრის კვეთა პისიარტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შედეგად შეუძლიათ, ემატება კიდევ 7 ქვეყანა. მათ შორის კანადა, იაპონია, ჩინეთი და სამხრეთი კორეა.

„დღეს მონაცემებით ზაფხულისთვის ჩვენ 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის მოლოდინი გვაქვს, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ავია კომპანიისგან. 2019 წელს, როდესაც ტურისტების რეკორდული რაოდენობა იყო, ზაფხულის სეზონის დროს კვირაში დაახლოებთ 800 ფრენა იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრენების 50%, რომელიც როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე ტურისტების ჩამოყვანას ემსახურება,  აღდგება“, – ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება.  მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ. თუმცა ძალაში რჩება სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში, ეპიდვითარება სტაბილურდება, თუმცა, მათივე პროგნოზით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება აგვისტოს ბოლოსაა მოსალოდნელი.

„ევროპის ყველა ქვეყანაში, რომლებშიც შეზღუდვების შემსუბუქება მიმდინარეობს, ძირითადი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზეა გამახვილებული. პირველ რიგში, ესაა პირბადის სწორი გამოყენება, დისტანციის დაცვა, მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა. ოქროს შუალედი სწორედ ამ პროცესებს შორის უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება. იმ შემთხვევაში,  თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, შესაძლოა, რეგულაციები ისევ დაწესდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

შეზღუდვებიშეზღუდვები
Send this to a friend