მთავარი გადაცემები Climate Now როგორ დაეხმარება ევროპას ოფშორული ქარის ელექტროსადგური გამონაბოლქვის შემცირებაში?

როგორ დაეხმარება ევროპას ოფშორული ქარის ელექტროსადგური გამონაბოლქვის შემცირებაში?

„ევრონიუსის“ გადაცემას „კლიმატი ახლა“ იშვიათი შესაძლებლობა მიეცა ჩრდილოეთის ზღვაში ქარის ელექტროსადგური მოენახულებინა და გაერკვია, როგორ ვითარდება ეს სექტორი.

თუმცა ამ მოგზაურობის ამბამდე,  კოპერნიკუსის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ მოწოდებულ მონაცემებს უნდა გადავხედოთ. თუ თქვენ ევროპაში იმყოფებით და თვლით, რომ გასული თვე ჩვეულებრივზე უფრო ცივი იყო, თქვენ მართალი ხართ. მთელ რეგიონში ტემპერატურა 0.9 გრადუსით უფრო დაბალი იყო, ვიდრე 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებლია.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტემპერატურა  აპრილის საშუალო მაჩვენებელზე 2 გრადუსზე მეტით ნაკლები იყო.

სლოვენიაში გასულ თვეში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, გაერთიანებულ სამეფოში კი წლევანდელი აპრილი 1992 წლის შემდეგ ყველაზე ცივი გამოდგა.

საფრანგეთში ვენახი და ხეხილი ყინვამ გაანადგურა. კლიმატის მკვლევრის რობერტ ვოტარდის მოსაზრებით, ასეთი ზიანის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ წლის დასაწყისი გაცილებით თბილი გამოდგა.

 
რობერტ ვოტარდი, პიერ-სიმონ ლაპლასის ინსტიტუტის დირექტორი:


„ბოლო დროს ყინვებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან გლობალური დათბობა იმას ნიშნავს, რომ გაზაფხული ადრე იწყება. ამიტომ შეიძლება მცენარეს ყინვამ დაარტყას, რაც აპრილში სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ ამ დროს შესაძლოა, მცენარე უკვე გამწვანებული იყოს.“

როგორ ავითვისოთ ქარის ენერგია?

ქარი ელექტროენერგიის ეკოლოგიური გზით მიღების ერთ-ერთი  განახლებადი რესურსია. ეს რესურსი საკუთარი თვალით რომ ეხლია, „ევრონიუსი“ ჩრდილოეთის ზღვაში ბელგიური კომპანია Parkwind-ის  ჯგუფ გაჰყვა. ეს კომპანია ქალაქ ოსტენდიდან 50 კილომეტრის მოშორებით ღია ზღვაში განლაგებული 399 ტურბინიდან 201 ტურბინას ფლობს. საინტერესოა, რატომ გაიტანეს ტურბინები ასე შორს?

კომპანია PARKWIND-ის ოპერაციებისა და  სარემონტო სამუშაოების მენეჯერს კრისტოფ ვერლინდენს ამაზე საკამოდ მარტივი პასუხი აქვს:

„რაც უფრო შორს გადიხარ ზღვაში, მით უფრო ძლიერი და სტაბილური ქარია. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ხალხს არ მოსწონს, ასეთი სადგური სახლთან ახლოს ჰქონდეს. ამიტომაც გაკეთდა ასე შორს.“

ბელგიის ჩრდილოეთის ზღვის აკვატორიაში ჩადგმული ტურბინების დადგმული სიმძლავრე  2.26 გიგავატია, რაც ბელგიის ელექტრომომარაგების 10 პროცენტს უზრუნველყოფს.

ეს სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. ზღვაში განლაგებული ტურბინების ნაწილის სიმაღლე ზღვის დონიდან 188 მეტრია, ყველაზე დიდი ტურბინის სიმაღლე კი 220 მეტრია.

კომპანია PARKWIND-ის ოპერაციებისა და  სარემონტო სამუშაოების მენეჯერი კრისტოფ ვერლინდენი  განმარტავს, რომ ბოლო დროს აქცენტი დიდ ტრუბინებზე კეთდება.

„რატომ? იმიტომ, რომ თითოეულ ტურბინას სჭირდება საძირკველი, რომელზეც უნდა დამონტაჟდეს. ამისთვის საჭიროა მცურავი პლატფორმა, ეკიპაჟი და მობილიზება. თუ შეგიძლია, რომ ხუთი სამმეგავატიანი ტურბინის ნაცვლად ერთი 15-მეგავატიანი ტურბინა ჩადგა, დროსაც დაზოგავ და ფულსაც. მაგრამ საბოლოო ჯამში, ტურბინების რაოდენობა და მათი განლაგების მასშტაბი უნდა გაიზარდოს,“ – ამბობს კრისტოფ ვერლინდენი.

ბელგიური კომპანიის ქარის ელექტროსადგური უკვე სავსეა ტურბინებით, თუმცა ახალი ტურბინების ჩადგმის ახალი ნებართვები დასავლეთი ირლანდიიდან ბალტიამდე გაიცემა. თუმცა მშენებლებმა აქაური ამინდი და კლიმატური პირობებიც უნდა გაითვალისწინონ, რადგან ქარის საშუალო სიჩქარეს ევროპაში წლის განმავლობაში 6-პროცენტიანი ცვლილება ახასიათებს.

კლიმატის ექსპერტი ხილ ლისკანო  კომპანიებს ურჩევს, რომ ქარის მონაცემები გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილონ.

ხილ ლისკანო,  VORTEX-ის კვლევისა და განვითარების მენეჯერი:

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქარის მონაცემების მცირე ცვლილებამაც, თუნდაც ერთ წამში ქარის სიჩქარის რამდენიმე მეათედი მეტრით ცვლილებამ, შესაძლოა მთელი პროექტი ეჭვქვეშ დაააყენოს. ამის შედეგად შესაძლოა მოგიწიოს მთელი აპარატურის შეცვლა,  რომლის გამოყენებასაც აპირებდი და შესაძლოა მანქანა-დანადგარების განლაგების შეცვლაც გახდეს საჭირო.“

პროექტისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი კიდევ ერთი ფაქტორი ზღვის სიღრმეა – წყალქვეშა პლატფორმის სიმაღლე, რომელზეც ქარის ტურბინა იდგმება, 30 მეტრია. თუმცა ხშირად ქარის ელექტროსადგურისთვის ხელსაყრელ ადგილებში წყალი იმდენად ღრმაა, რომ პლატფორმა ფსკერზე ვერ მაგრდება. საბედნიეროდ, გამოსავალი აქაც მოიძებნა:

„ამის პასუხი ტექნოლოგიამ იპოვა და ახლა შესაძლებელია მცურავი ტურბინების განთავსება. ეს ხსნის ახალ შესაძლებლობას, რომ ოფშორული ქარის ელექტროსადგურები ისეთ რეგიონებში განვითარდეს, რომლებშიც ქარის დიდი რესურსია და რომლებიც ელექტროგადაცემის ქსელთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ზღვა იქ ძალიან ღრმაა,“ – განმარტავს ხილ ლისკანო.

მცურავი ტურბინების მეშვეობით ოფშორული ქარის ელექტროსადგურების წილი  ევროპის ელექტრომომარაგებაში დღვანდელი 3 პროცენტიდან 2050 წლისთვის 25 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

ევროპაევროპა

Send this to a friend