მიანმარის ყოფილი ლიდერი აუნ სან სუ ჩი პირველად გამოჩნდა სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ, რაც თებერვლის გადატრიალების შედეგად მისი მთავრობა სამხედროებმა დაამხეს.
სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ იგი სასამართლო შენობაშია.
მოსმენის დაწყებამდე სუ ჩის ნება დართეს, შეხვედროდა თავის ადვოკატებს. მათ განიხილეს რამდენიმე ბრალდება, რომელთა წაყენებასაც აპირებენ. მათ შორის აჯანყება და თაღლითობა არჩევნებში, როდესაც მისმა პარტია „ეროვნულმა ლიგამ“ გასულ ნოემბერს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
”ჩვენ გვაქვს მხოლოდ 30 წუთი, გამოდის, რომ მხოლოდ 5 წუთი გვაქვს თითოეული ბრალდებისთვის ეს არ არის საკმარისი”, – ამბობს ბრალდებულის იურისტი.
სუ ჩი, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადააყენეს, 16 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. მას ეკრძალებოდა ნებისმერი ინფორმაციის მიღება, რაც ქვეყანაში ხდება.
აუნ სან სუ ჩი სასამართლოს წინაშე ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, იანგონში გამოცხადდა. შეკრებილმა ხალხმა გააგრძელა პროტესტის გამოხატვა გადატრიალების გამო, რომელმაც თავის დროზე აუნ სან სუ ჩის რეჟიმი დაამხო.
პოლიტპატიმრების დახმარების დამოუკიდებელი ასოციაციის ბოლო შედეგების თანახმად, 818 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიციამ და ჯარისკაცებმა დაიწყეს ხალხის დარბევა. მათ საბრძოლო იარაღი გამოიყენეს მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით.