მთავარი გადაცემები ანგოლა ანგოლა კალათბურთში თავის სიტყვას ამბობს

ანგოლა კალათბურთში თავის სიტყვას ამბობს

აფრიკა მსოფლიო დონის სპორტსმენების სამშობლოა. ანგოლა ერთ-ერთი აფრიკული ქვეყანაა, სადაც სპორტის ვარსკვლავები იზრდებიან. ამ ქვეყნის კალათბურთის ვარსკვლავები წარმატებას საკუთარი კონტინენეტის გარეთაც აღწევენ და ევროპისა და ამერიკის გუნდებში თამაშობენ.

ანგოლელებს კალათბურთის სიყვარული სისხლში აქვთ გამჯდარი. ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ახალგაზრდები კალათბურთს ხშირად თამაშობენ. მთელი ერი მონუსხული უყურებს სპორტის ამ სახეობას.

ანგოლის საკალათბურთო მიმომხილველი ალფრედო „ვეზა“ ფორტუნატო  ამბობს, რომ როდესაც ანგოლის ეროვნული ნაკრები  თამაშობს, ქვეყანაში ყველაფერი ჩერდება და ყველა ტელეეკრანს არის მიჯაჭვული, „რომ ეროვნული გუნდის საოცარ თამაშს უყუროს,“ რომელიც „ამერიკისა და ევროპის გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება.“

ანგოლის გუნდი  30 წლის განმავლობაში იყო წამყვანი აფრიკის კონტინენტზე. 1989 წლის შემდეგ ჩატარებული აფრიკის 15 საკალათბურთო ჩემპიონატიდან 11 ანგოლის გუნდმა მოიგო.

 
ქვეყნის ჩემპიონატები გულშემატკივარს ძალიან უყვარს. ეს წლევანდელი „ვიქტურინუ კუნიას“ სუპერ თასის ფინალია, ლუანდის გუნდები „პეტრო“და „პრიმერო დი ეგოშტუ“  ხვდებიან ერთმანეთს. მატჩი პანდემიის პროტოკოლის ყველა წესის დაცვით ჩატარდა.


ალფრედო „ვეზა“ ფორტუნატო, ანგოლის საკალათბურთო მიმომხილველი:

„ამ ორი გუნდის შეხვედრა საოცარი საყურებელია. ეს, ფაქტობრივად, იგივეა, რაც  „რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“, ან „სელტიკისა“ და  „ლეიკერსის“ შეხვედრას უყურო. თითქმის იგივეა.“

ანგოლის კალათბურთის წარმატებას მოთამაშეების ოსტატობა, თავდადება და ცნობილი სახეები განაპირობებენ როგორც წარსულში, ისე აწმყოში.

ქვეყანა ისევ ცდილობს კალათბურთის ოლიმპიურ შეჯიბრებებსა და  მსოფლიო თასის ჩემპიონატებზე მოხვედრას.

ბრუნო ფერნანდო დღეს საერთაშორისო დონის ვარსკვლავებს შორის სახელდება. ბრუნო „ატლანტა ჰოუქსმა“ აიყვანა და იგი პირველი ანგოლელია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში  [NBA] თამაშობს.

ბრუნო ფერნანდო, NBA-ის ანგოლელი კალათბურთელი:

„ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა. ნამდვილად ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის პატივია  აქ ყოფნა, რომ შემიძლია ჩემს ქვეყანას წარმატება მოვუტანო. და როგორც ადრეც მითქვამს, იმედი მაქვს, რომ ჩემი მაგალითი კარს გაუხსნის იმ ბავშვებს, რომლებიც ენბიეიზე ოცნებობენ, ისინი ირწმუნებენ, რომ ეს შესაძლებელია.“

„ჰოუქსში“ დიკემბე მუტომბოც თამაშობდა, რომელიც  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა. 2015 წელს იგი ენბიეის კალათბურთის დიდების დარბაზში წარადგინეს. მას აფრიკის კალათბურთის დესპანს უწოდებენ.

დიკემბე მუტომბო, NBA-ის აფრიკის კალათბურთის დესპანი:

„ჩემი ახალგაზრდობიდან მოყოლებული ანგოლის გუნდი კონტინენტის კალათბურთში წამყვანი იყო და ახლაც დომინანტია. ჩემი აზრით, ამის საფუძველს ქმნის ანგოლის საკალათბურთო სისტემა, მისი დიდებული მწვრთნელები და დიდი სულისკვეთება.“

მომავლი ტალანტების აღზრდას  ახლად ჩამოყალიბებული აფრიკის საკალათბურთო ლიგა უწყობს ხელს, რომლის პარტნიორებიც NBA-ი და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია „ფიბა“ [FIBA] არიან.

დიკემბე მუტომბოც, NBA-ის აფრიკის კალათბურთის დესპანი:

„ეს ანგოლისთვის ძალიან დიდი მოვლენაა. ეს იქნება ადგილი, სადაც NBA-ის სკაუტები, NBA-ის  მწვრთნელები, გენერალური მენეჯერები ჩამოვლენ, რომ ახალაგაზრდა აფრიკელების თამაშს შეხედონ და კონტინენტის საუკეთესო მოთამაშე შეარჩიონ.“

სანამ   ამომავალი ვარსკვლავები წარმატებას აღწევენ, ანგოლის ეროვნული გუნდი ლიეტუვაში წლევანდელი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. და თუ ლიეტუვაში წარმატებით გამოვლენ, ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში გარანტირებული აქვთ.

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

ანგოლაანგოლა

Send this to a friend