სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამატებით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამერიკელი ხალხისგან, ჩვენი ქვეყანა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გრანტის სახით კიდევ 330 მილიონ დოლარს მიიღებს. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, 67 მილიონი დოლარის ტრანშე არის გათვალისწინებული. საგრანტო დახმარების მნიშვნელობაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ცერემონიაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ისაუბრეს. პრემიერის თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას.
„საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეთანხმება მოიცავს არაერთ სტრატეგიულ მიმართულებას: კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობისა და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართველობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, ასევე სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას, ასევე, თავისუფალი ბაზრისა და ზოგადად დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება. USAID პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 67 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მილიონ დოლარამდე გაზრდა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით შეიქმნება ახალი პროგრამა, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთის დამოკიდებულებას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
[br]საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და Usaid-ის კავკასიის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მე ამ წამს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას. ეს ახალი შეთანხმება მომდევნო 5 წლისთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასთან აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ურთიერთობისა და პარტნიორობის შემდგომი განვითარების სტრუქტურასა და ფორმატს. როგორც მოისმინეთ, მთლიანობაში ეს შეთანხმება გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის. თავად შეთანხმების მიზნები ჩვენს მიერ საქართველოსთვის 2020-2025 წლებისთვის შემუშავებულ სტრატეგიას ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ გაიწერა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
ამერიკის სამთავრობო ორგანიზაციამ Usaid, ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის განმავლობაში უკვე 1 800 000 დოლარის ღირებულების პროექტები დააფინანსა და განახორციელა. ხოლო, სრულად აშშ-ის დახმარება გაცილებით მეტს შეადგენს.
ალეკო გვეტაძე