წლის ბოლოს კინომოყვარულებს კინემატოგრაფიის შედევრად აღიარებული ფილმის „ნაპოლეონის“ აღდგენილი ვერსიის ნახვა შეეძლებათ.
ფილმი 1927 წელს ფრანგმა რეჟისორმა აბელ განსმა გადაიღო. მისი ხანგრძლივობა შვიდი საათია. ფილმ „ნაპოლეონის“ აღდგენა არასამთავრობო ორგანიზაციის „საფრანგეთის კინემატოგრაფიისა“ და კომპანია „ნეთფლიქსის“ დაფინანსებით განხორციელდა.
nbsp;პარიზის გარეუბანში მდებარე შენობაში მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი კინოსაგანძური იქნა აღდგენილი. ზოგიერთი მათგანის აღდგენას ურთულესი შრომა დასჭირდა. მათ შორისაა რეჟისორ აბელ განსის ფილმი „ნაპოლეონი“, რომელიც მუნჯი კინოს ეპოქის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.
[br]„ეს ფირები ლუქსემბურგიდანაა, ესენი კი – რომიდან. ამ რვა ყუთში კი ნიუ-იორკიდან ჩამოტანილი ასლებია“, – ამბობს ჟორჟ მურიერი, მკვლევარი.
სხვადასხვა ფირზე აღბეჭდილი კადრები სხვადასხვანაირად იყო დამონტაჟებული. ფირები ხარისხითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველა კადრი ყურადღებით იყო შესწავლილი, რათა აღდგენისას ავტორის ჩანაფიქრი არ დაკარგულიყო. სპეციალისტებმა ამ სამუშაოს 12 წელი მოანდომეს.
„ის, ვინც ნახავს ამ ფილმს, ვერასოდეს გაიგებს იმას, თუ საიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. კადრის შესაქმნელად ის ოთხ ნაწილად დავშალეთ. ფირები თასმებით იყო შეერთებული. ჩვენ ისინი ამოვიღეთ და თავიდან შევაერთეთ, რათა საბოლოო სახე მიგვეცა“, – ამბობს ჟორჟ მურიერი.
სულ ფილმის 22-მდე ვერსია არსებობს. მათ შორის ყველაზე გრძელი შვიდი საათის ხანგრძლივობისაა. მისი აღდგენა, ორგანიზაცია „საფრანგეთის კინემატოგრაფიისა“ და კომპანია „ნეთფლიქსის“ დაფინანსებით, წლის ბოლოს დასრულდება.