საარჩევნო რეფორმის პარალელურად, რომლის განხორციელებაშიც საქართველოს პარლამენტში ახლა უკვე საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილიც იღებს მონაწილეობას, დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი შემოდის – ცესკოს თავმჯდომარის პოსტი. მმართველი პარტიის ოპონენტები, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხის გარკვევის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის ცვლილების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.
„რაც შეეხება თამარ ჟვანის საკითხს, იცით, რომ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩო-შეთანხმებას, რაც შეეხება ადმინისტრაციის შეცვლას იმგვარად, რომ ოპოზიციის და ზოგადად, ჩვენი საზოგადოების ინტერესები რეალურად იქნება ისე დაცული, როგორც დღემდე არ ყოფილა. იქედან გამომდინარე, თუ რამდენად არის დაზიანებული თამარ ჟვანიას რეპუტაცია და იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ნდობა საარჩევნო სისტემისა და პროცესის მიმართ, სწორი იქნებოდა, ცესკო-ს ჰყავდეს ახალი თავმჯდომარე შემდეგი არჩევნებისთვის,“ – ამბობს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი.
თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხზე, მმართველი პარტია ამბობს, რომ ამაზე ოპოზიციასთან დეტალური მსჯელობა არ ყოფილა. პარტია „ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ჯობს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს ზედმიწევნით.
[br]ეს არის პერსონალური საკითხი, რომელიც ამ კანონპროექტის განხილვის პროცესთან არ არის კავშირში. ეს საკითხი გადაწყდება იმდაგვარად, როცა ახალი კოდექსი შევა ძალაში. ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება. რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი როგორც ადამიანის, პიროვნების და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს”- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საარჩევნო რეფორმის ამბიციური პროექტის მნიშვნელობასა და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას შესაძლო ცვლილების საკითხს, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ევროპელი დიპლომატის თქმით, თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება,“ – განაცხადა ჰარცელმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო ცვლილების საკითხის გარკვევამდე, პარტია „ლელომ“ ცესკოს ადმინისტაციის პირველი ოპოზიციური წევრი წარუდგინა საზოგადოებას. ის კონსტიტუციონალისტი გიორგი სიორიძე იქნება. პარტიის ლიდერ ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცესკოს ახალი წევრი, საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობიდან ცესკო-ში წავალ, ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება იმ მომენტამდე, სანამ ეს რეფორმა კანონად იქცევა, სანამ ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი წევრებით შეივსება ახალი ცესკო, შიგნიდან მოვახდინო იმ პროცესის მონიტორინგი, სადაც „ქართულ ოცნებას“ სრული იდილია აქვს მოწყობილი და ცდილობს, რომ გადავიდეს უკვე ახალ რეჟიმზე. მოგეხსენებათ, ცესკო-ს აქვს ძალიან დიდი ინსტიტუციური მეხსიერება და გამოცდილება, შესაბამისად, მანიპულაციებისა და გადაცდომების ხერხები ძალიან დახვეწილია, ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ში ოპოზიციური წევრი იყოს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო განხილვები ფინალურ ფაზაშია გადასული. რა სახით დაამტკიცებენ ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ხუთი თვით ადრე და დარჩება თუ არა თამარ ჟვანია თანამდებობაზე, ეს ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
ალეკო გვეტაძე