ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება უკვე მე-10 დღეა გრძელდება.
ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა, შეამციროს ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართულებით დარტყმების ინტენსივობა და იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები “ჰამასის” წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე, სანამ მშვიდობას არ მიაღწევენ.
„მე განსაკუთრებით ვაფასებ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძო ოპერაცია მანამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. ეს არის უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება თქვენთვის, ისრაელის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ღაზის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 11 მაისიდან დღემდე დაღუპულია 227 ადამიანი, მათ შორის 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი.
ისრაელის წარმომადგენლების განცხადებით კი, ღაზაში მოკლულია 150 მებრძოლი.
ჰამასის სპიკერი ირწმუნება, რომ ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ისრაელის გადაწყვეტილებაზე.
,,ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ მშვიდობას, მაგრამ სიტუაციას ამწვავებს ისრაელის მკაცრი პოზიცია, არ შეწყდეს შეტევა პალესტინაზე. მათ გადაწყვეტილი აქვთ, ჩაიდინონ დანაშაული“, – განაცხადა ,,ჰამასის” სპიკერმა ჰაზემ კასემმა.
ოთხშაბათს ლიბანიდან ჩრდილოეთი ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ამასთანავე, არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე დღეში ისრაელი შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს, თუ ის მიაღწევს დასახულ მიზანს.