მთავარისაქართველოდაპირებული რეფორმები - პოლიტიკური შეთანხმების ერთი თვე

დაპირებული რეფორმები – პოლიტიკური შეთანხმების ერთი თვე

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთპუნქტიან დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთო. შეთანხმების დოკუმენტში მნიშვნელოვან რეფორმებზეა საუბარი, მათ შორის არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმა. ასევე, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხი. ქვეყნის ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ თუკი საქართველო წარმატებით გაატარებს იმ რეფორმებს, რომელთა თანხმობაზეც ხელი თავად პოლიტიკურმა ლიდერებმა მოაწერეს, ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდება.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ საბოლოო შეთანხმებას 2021 წლის 19 აპრილს მიაღწიეს. ამით ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადა. შეთანხმებაზე ხელმომწერმა ყველა მხარემ კი პასუხიმგებლობა აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ხუთივე პუნქტის შესრულებაზე.

შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ წერილს ავრცელებენ, სადაც ისინი საუბრობენ, რას ნიშნავს ეს დოკუმენტი საქართველოს ევროპული გზისთვის.

[br]”პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს.  ჩვენ მოვუწოდებთ ყველას და თითოეულს, რომ უერთგულონ ნაკისრ ვალდებულებებს. ეს შეთანხმება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა. ევროკავშირს  საიმედო და სტაბილური პრო-ევროპული დასაყრდენი ეყოლება რეგიონში, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს  ევროპის ფასეულობების, უსაფრთხოებისა და ჩართულობისთვის. იმ დროს, როცა რეგიონში სურათი იცვლება, საქართველოს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია” – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივ წერილში.

ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამბიციური საარჩევნო რეფორმაა, რომელმაც საარჩევნო პროცესი საქართველოში უფრო დემოკრატიული უნდა გახადოს.

“ახლა რაზეც მიმდინარეობს ცვლილებები, უფრო კენჭისყრის დღეს ეხება – ეს არის ახლებური ბიულეტენის შემუშავება. ასეთი ბიულეტენი ბევრ რამეს აზღვევს – მაგალითად ბიულეტენების გატანას უბნიდან, ე.წ. კარუსელის ან განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობას, რაც კენჭისყრის დღეს არის ხოლმე პრობლემა. ძალიან კარგი იქნება, თუკი ამის აღმოფხვრა შესაძლებელი გახდება” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი ნინო დოლიძე.

სასამართლო რეფორმაზეც შეთანხმდნენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ერთი თვის წინ, თუმცა ამაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

“ამ დოკუმენტის მიზანია ფუნდამენტურად ახალი მართლმსაჯულების შექმნა, რომელიც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ იქნება მორგებული. არ იქნება ხელისუფლების ინტერესებზე დამოკიდებული და ექნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ასეთი მართლმსაჯულების სისტემის მიღების შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ადამიანის, რიგითი მოქალაქეების დაცვის სტანდარტები აიწევს მნიშვნელოვნად, ეს კარგი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის” – აცხადებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორთა საბჭოს წევრი გურამ იმნაძე.

19 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ძალაუფლების განაწილების პრინციპიც იცვლება. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა 5 კომიტეტს უნდა უხელმძღვანელონ.

“დოკუმენტის მიხედვით, ხუთ კომიტეტში თავმჯდომარის პოზიცია უნდა მიეღო ოპოზიციას. ეს არის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი, ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტი. ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის თავზე ძალაუფლების გადანაწილების ეს ნაწილი ჯერ-ჯერობით არ არის აღსრულებული” – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

“სამომავლო გზა საქართველოსთვის” – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც პოლიტიკურმა ლიდერებმა მოაწერეს ხელი. ახლა მთავარია, როგორი იქნება ეს გზა საქართველოსთვის.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend