„ევროპულმა საქართველომ“ დღეს, 18 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარტია პარლამენტში არ შევა.
„ევროპულ საქართველოს“ მეათე მოწვევის პარლამენტში სულ ხუთი მანდატი ჰქონდა. აქედან სამი უკვე გამოიყენეს პარტიიდან წასულმა – დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.
პარტიას ასათვისებელი აქვს კიდევ ორი მანდატი, საიდანაც ერთს ტარიელ ნაკაიძე იყენებს, რომელიც აპირებს, პარტია დატოვოს.
ანუ, პარტიას რჩება მხოლოდ ერთი მანდატი, რომელიც ელენე ხოშტარიას ეკუთვნოდა, სანამ უარს არ იტყოდა და პარტიასაც არ დატოვებდა.
ახლა პარტიას აქვს შანსი აითვისოს ელენე ხოშტარიას მანდატი, თუმცა “ევროპული საქართველო” უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაზე.
[br]როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, პარტიაში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა.
„დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. „ევროპული საქართველო“ ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა რესურსი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ.
ჯერ კიდევ უცნობია, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია, თანაგუნდელებთან ერთად კიევში 16 მაისს გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიის წევრები საქართველოს ექს-პრეზიდენტთან ერთად საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ. იქამდე კი, ვიდრე მათი პოზიცია გახდება ცნობილი, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი პარტიული გადაწყვეტილება. მე ნამდვილად ვერ შევაფასებ – სწორია, არასწორია. ჩვენი პოზიციები განსხვავდება ფუნდამენტურად, ამ საკითხში. საბოლოო ჯამში, ყველაფერს გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებზე მივლენ და თითოეულ პოლიტიკურ ძალას ან მოუწონებენ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ან არ მოუწონებენ“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ „ევროპულ საქართველოს“ ორი გზა აქვს.
„მათ მოუწევთ, დღეს თუ ხვალ, აღიარონ თავიანთი რადიკალური დღის წესრიგის მარცხი, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და შემოვიდნენ პარლამენტში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყო, ვინც ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ამ შეთანხმებას და რამდენჯერმე შეძლო კიდევაც, რომ ჩაეშალა ეს შეთანხმება. საბოლოო ჯამში, მათ, „ევროპულ საქართველოს“ არ გამოუვიდა ამ შეთანხმების ჩაშლა, დარჩნენ მარტო გარეთ, ქუჩაში და, შესაბამისად, აქვთ ორი გზა – ან მარგინალიზდნენ საბოლოოდ, ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
ამასობაში კი მე-10 მოწვევის პარლამენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ჯერ კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გარეშე მსჯელობს.
ანა ალელიშვილი