ტურიზმი საბერძნეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, კუნძული მიკონოსი კი განსაკუთრებით პოპულარულია.
ადგილობრივი მეწარმეები სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. ტურისტების პირველი ნაკადი კუნძულზე უკვე ჩავიდა.
ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტი ამბობს, რომ კუნძულზე თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
“ვფიქრობ, ფანტასტიკურია, საბერძნეთში ტურისტებს რომ უშვებთ, სხვა ქვეყნებში ასე არ ხდება. საბერძნეთსა და მიკონოსზე ნამყოფი არ ვარ. ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ აქაურობა დავათვალიერო“,- უთხრა მან “ევრონიუსს”.
[br]ბარები და რესტორნები ღამის თორმეტ საათამდეა ღია, თუმცა მუსიკის გარეშე, რადგან კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.
რესტორნები სტუმრების უსაფრთხოდ მიღებისთვის ემზადებიან.
რესტორნის მფლობელი ნიკოს ლოიზოსი იმედოვნებს, რომ მრავალი ტურისტი ჩამოვა.
“ყველა რეგულაცია გათვალისწინებულია. მაისის ბოლოსთვის კი ყველანი ავიცრებით. პირბადეების ტარებითა და სხვა წესების გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი გვექნება“, – ამბობს ნიკოს ლოიზოსი.
მეწარმეები და ადგილობრივები მზად არიან, ტურისტები მთელი მსოფლიოდან მიიღონ. ამავდროულად, კუნძულის სამედიცინო ცენტრში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს.
სამედიცინო ცენტრში ექიმებს დიდი გამოცდილება აქვთ, მათ უამრავ კოვიდპაციენტს უმკურნალეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მალე კუნძულის მთელი მოსახლეობა აიცრება.
მიკონოსის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დინა სამპსუნი ამბობს, რომ მასობრივ ვაქცინაციას ერთდოზიანიანი ვაქცინით „ჯონსონ-ენდ-ჯონსონით“ იწყებენ.
“სამედიცინო ცენტრში დღიურად 240 ან 250 პაციენტის აცრაა შესაძლებელი. ანუ თვეში 6500 ადამიანის აცრა შეგვიძლია”, ამბობს დინა სამპსუნი.
ტურისტები კი ვალდებული არიან, საბერძნეთში არსებული ყველა შეზღუდვა დაიცვან, როგორებიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და კომენდანტის საათი.
მიკონოსის მერის, კონსტანტინოს კუკასის განცხადებით. შეზღუდვები სტუმრებს სრულყოფილად დასვენების საშუალებას არ აძლევს.
“საუბარია პირბადეებზე, მაგიდებისა და დასაკეცი საწოლების დისტანციანზე, და მუსიკის მკაცრ შეზღუდვაზე. თუმცა ეს შეზღუდვები ლოგიკურია. მჯერა, რომ ეს შეზღუდვები ნელ-ნელა შემსუბუქდება და ბარებში მუსიკას მალე დაუკრავენ“, – აცხადებს მიკონოსის მერი.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მუშაობისას თუ დასვენებისას, ულამაზეს კუნძულზე მცხოვრებელმა და ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ.