მონტენეგროში ჩინეთისგან აღებული სესხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირდღირებული მაგისტრალი შენდება, რომელიც უკვე სკანდალში გაეხვა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ სესხის დაბრუნება არ იქნება ადვილი. ისმის კითხვა – ხომ არ გაება მონტენეგრო ჩინური ვალის ხაფანგში?
ამ გზაზე 40 ხიდი და 90 გვირაბი ჩინელების დაფინანსებით უნდა აშენდეს. თუმცა პროექტის მშენებლობა შეფერხებებით მიმდინარეობს, კორუფციისა და გარემოს დაცვის კუთხით კი სერიოზული კითხვები ჩნდება. დაგეგმილი 170 კილომეტრიდან ჯერჯერობით მხოლოდ 40 კილომეტრია დასრულებული.
ეს ამბავი მონტენეგროს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ახლანდელი პრეზიდენტის მილო ჯუკანოვიჩის ინიციატივით დაიწყო. მან იფიქრა, რომ ავტომაგისტრალის აშენება პატარა ბალკანურ ქვეყანაში ვაჭრობას წაახალისებდა. მაგრამ რადგან გზის მშენებლობისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა, 2014 წელს ჩინეთისაგან მილიარდი დოლარი ვალად აიღო. სხვა ინვესტორებმა პროექტში ჩართვა არ ისურვეს.
მიმდინარე პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დააზარალა და ახლა ქვეყანამ აღარ იცის, სად იპოვოს საჭირო თანხა, რომ დარჩენილი გზის მონაკვეთი დაასრულოს.
[br]ისმება კითხვა – ხომ არ იქნება ეს გზა, რომელიც არსად მიდის? ამ მაგისტრალმა სამხრეთით მდებარე ბარის ნავსადგური ჩრდილოეთით სერბეთის საზღვართან უნდა დააკავშიროს. გზის პირველი მონაკვეთი, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ დასრულდა.
სატვირთოს მძღოლი, ბოიანი „ევრონიუსს“ გაესაუბრა. იგი ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადეს, მაგრამ ბოიანმა ვერაფერი მიიღო – ჩინელებმა თავიანთი მუშახელი ჩამოიყვანეს. გარდა ამისა, ბოიანის ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორები მეზობელი ქვეყნებიდან უკანონოდ ქირაობენ მუშებს, რომლებსაც არც კონტრაქტებს უფორმებენ და არც სოციალურ საკითხებს უგვარებენ.
ბოიან რაიკოვიჩი, ადგილობრივი მძღოლი:
„მერჩივნა, სესხი ევროპისაგან აეღოთ. ეს რომ ევროპას გაეკეთებინა, ასე წესების გარეშე არ იმოქმედებდნენ. ესენი კი ისე იქცევიან, როგორც ბაზარში – არავითარი დოკუმენტი – მხოლოდ სიტყვები. ეს იმიტომ, რომ ჩინელებსა და ხორვატებს ამუშავებდნენ. ევროპა უფრო მეტად გააკონტროლებდა და მშენებლობა უკვე დასრულებული იქნებოდა. თანხის 10 პროცენტი – 100 მილიონი ევრო მოპარულია. ზუსტად ეს თანხა აკლიათ ახლა, რომ პირველი მონაკვეთი დაასრულონ.“
ამ მშენებლობაზე პასუხისმგებელი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციაა“ [CRBC]. კომპანიის პროექტების მენეჯერის მოადგილე კომენტარზე უარს ამბობს.
კომპანიის სათავო ოფისისკენ მიმავალ გზაზე დგას გრაფიტი წარწერით“ მილო-ქურდი ხარ“. წარწერა პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩს გულისხმობს. ადგილობრივი ქვეკონტრაქტორები, სავარაუდოდ, მისი პროტეჟეები არიან. აშკარაა, რომ მონტენეგროში ბევრს არ მოსწონს, რაც ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს იძიებს. დეიან მილოვაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც მაგისტრალის პროექტის საეჭვო საკითხებს იკვლევს. ჩინეთის უზარმაზარი სესხიდან 400 მილიონი ევრო ქვეკონტრაქტორებზე დაიხარჯა. მილოვაკი ამბობს, რომ მათი ნაწილი პრეზიდენტთან არის დაკავშირებული.
დეიან მილოვაკი, საგამოძიებო ჯგუფის წევრი:
„ქვეკონტრაქტორებისთვის არავითარი საჯარო შესყიდვები არ ჩატარებულა… პროექტის დიდი ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა. ყველა შეღავათი, რომლებითაც ჩინური სამშენებლო კომპანია სარგებლობს, რომელიც არ იხდის დამატებითი ღირებულების [დღგ-ს], შრომისა და საბაჟო გადასახადებს, ადგილობრივ ქვეკონტრაქტორებზეც ვრცელდება. კორუფციისა და შეღავათების ბოროტად გამოყენებისთვის ხელსაყრელი გარემოებაა.“
ყოვლისმომცველი კორუფცია უკვე ბევრს ამოუვიდა ყელში. ამ ხალხმა გასულ წელს მთავრობა შეცვალა. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მოადგილეს გამჭვირვალობისთვის მებრძოლის მყარი რეპუტაცია აქვს – ევროკავშირთან დაახლოების გზა დიდწილად სწორედ გამჭვირვალობაზე გადის. იგი არ გამორიცხავს, რომ გამოძიება დაიწყოს, და თუ რამე საეჭვო აღმოჩნდა, საქმით პროკურატურა დაინტერესდეს. იგი იმედოვნებს, რომ მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთების ასაშენებლად თანხას მონტენეგროს ბრიუსელი მისცემს.
დრიტან აბაზოვიჩი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მოადგილე:
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გზის დარჩენილი ორი მონაკვეთის ასაშენებლად თანხებს ევროპული ინსტიტუტებისაგან მივიღებთ.“
დრიტან აბაზოვიჩი თვლის, რომ მის ქვეყანას კანონის უზენაესობის მეტი დაცვა სჭირდება. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაა!” – განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.
არსებობს ვარაუდი, რომ ჩინეთს თვალი ბარის Bar ღრმაწყლოვან პორტზე უჭირავს. მილიარდი დოლარის სესხზე ხელისმოწერით მონტენეგრო რამდენიმე უცნაურ პირობას დასთანხმდა. მაგალითად, ფინანსური პრობლემების შემთხვევაში, ქვეყანამ მიწების ნაწილზე უარი უნდა თქვას. საარბიტრო სასამართლო კი ჩინეთში ჩინური კანონმდებლობით წარიმართება.
პორტის დიდი ხნით მიტაცება კარგად ესადაგება ჩინეთის „ერთი გზა-ერთი სარტყელის ინიციატივას“, რომელიც გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. პორტის ხელმძღვანელობას ეკონომიკური წინსვლის იმედი აქვს და ორი ტერმინალის დამატებას აპირებს.
დედა ჯელოვიჩი, ბარის პორტის აღმასრულებელი დირექტორი:
„ჩვენი მთავარი მიზანი მომავალი ათი წლის განმავლობაში ის არის, რომ ჩვენი პორტი რეგიონული მნიშვნელობის გახდეს, მეტი ტვირთი შემოვიდეს, ინდუსტრია და ვაჭრობა განვითარდეს და ა.შ…“
ჩინეთის მიერ მართული გზატკეცილის პროექტის წევრებს, ნეპოტიზმის გარდა, მდინარე ტარას დაცული სანაპიროს დაბინძურებასაც აბრალებენ. გარემოსდამცველთა ჯგუფის „მწვანე სახლის“ წევრი ნატაშა კოვაჩევიჩი ამ პროცესს აკვირდება. იგი თვლის, რომ შედეგი ძალიან მძიმეა. მშენებლობის ნარჩენები მდინარეში ჩაედინება და თევზს გამრავლებას უშლის.
ნატაშა კოვაჩევიჩი, გარემოსდამცველი ორგანიზაციიდან „მწვანე სახლი“:
„მდინარე ტარას ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გავანადგურეთ. მდინარე თევზისთვის სრულიად უვარგისია… თევზი აქ სულ მცირე 20 წელი აღარ იქნება – ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გადაშენდება.“
ჩინელ მენეჯერებს ევროკავშირის ძირითადი სტანდარტების დარღვევაში სდებენ ბრალს, მონტენეგროს კი აკრიტიკებენ, რომ მშენებლობას შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდა. სამშენებლო ნარჩენებმა ტარას კალაპოტი, სავარაუდოდ, სამუდამოდ შეუცვალა.
ნატაშა კოვაჩევიჩი, გარემოსდამცველი ორგანიზაციიდან „მწვანე სახლი“:
“პირდაპირ დაუჯერებელია. აქ წერია, რომ მდინარე ტარას იუნესკო იცავს და რომ აკრძალულია აქედან ხრეშისა და ქვიშის აღებაც და ნარჩენების დაყრაც, მაგრამ ზუსტად ეს ხდება… არადა, წერია, რომ არ დაანაგვიანოთო ტერიტორია – პირდაპირ დაუჯერებელია…“
ჩინურმა ინვესტიციამ ევროკავშირისთვის სასურველი რეფორმები მთელ დასავლეთ ბალკანეთში შეაფერხა. ჩინეთის აბრეშუმის გზის ამბიცია ყოველთვის არ ემთხვევა იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროკავშირი ითხოვს მართვის, გარემოს დაცვის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის კუთხით. ჩინეთის გავლენა აღრმავებს ბზარს ევროკავშირსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის.
ავტორი : ჰანს ფონ დერ ბრელი