მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიკანარის კუნძულების მიგრანტები

კანარის კუნძულების მიგრანტები

ტენერიფეს პორტი კანარის კუნძულებზე ტურიზმის ცენტრია. ტურისტების გარდა, კუნძულზე ბევრი სხვა მოგზაურიც იყრის თავს.

ყოველ ღამე პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის რაზმები ბორანზე ასასვლელად გამზადებულ სატვირთო მანქანებში შეპარულ მიგრანტებს ეძებენ, რომლებიც ცდილობენ კონტინენტზე ამ გზით შეაღწიონ.

ხუან იგნასიო ლიანიო, ბორან FRED OLSEN EXPRESS-ის ფლოტის დირექტორი:

“ვცდილობთ, რომ ყველას უსაფრთხოება დავიცვათ, პირველ რიგში თავად მიგრანტებისა. მათ ევროპაში სურთ მოხვედრა და ყველაფერზე წავლენ, რომ კუნძული დატოვონ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.“

ყოველ ღამე ათობით ადამიანს პოულობენ კონტეინერებში. ზოგს გაუმართლებს და მეორე დღეს სხვებიც ცდიან ბედს.

 
მიგრანტების უმეტესობას უკან, ესპანეთის არქიპელაგის ყველაზე დიდ თავშესაფარში აგზავნიან, რომელიც  ტენერიფეს კუნძულის ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარეობს. აქ მედიას არ უშვებენ. აქაურობა პირქუშად გამოიყურება. ჭიშკართან სახელდახელო ბანაკია მოწყობილი. პლატფორმა ASAMBLEA DE APOYO A MIGRANTES DE TENERIFE-ის წარმომადგენელი რობერტო მესა, თვლის, რომ ეს სიმბოლოა. ეს პლატფორმა  ადგილობრივი მოსახლეობის შექმნილია და მიგრანტებს ეხმარება.

რობერტო მესა, პლატფორმა ASAMBLEA DE APOYO A MIGRANTES DE TENERIFE-ის წარმომადგენელი:

“მათ სურდათ ბანაკის ცუდი პირობების გაპროტესტება, ასევე იმისა, რომ კანარის კუნძულებზე თვეებია ცხოვრობენ და არავინ ეუბნება, რა ბედი ელით. ზოგიერთს პასპორტიც აქვს და თავშესაფარსაც მიმართა. ზოგს იმ მასპინძელი ოჯახის წერილიც აქვს, ვინც შეიფარებს, მაგრამ საბუთების მიუხედავად, გამგზავრების ნებას არ აძლევენ. კანარის კუნძულები ევროპის ციხედ გადააქციეს.“

გასულ წელს  20 ათასი მიგრანტი, რომლებმაც აფრიკის ჩრდილოეთი სანაპიროდან ატლანტის ოკეანის გადაცურვა სცადეს, კანარის კუნძულებზე დარჩა. მიმღები ცენტრები გადაიტვირთა და მიგრანტების ნაწილი კუნძულ გრან-კანარიას  სასტუმროებში განათავსეს. შემდეგ კურორტები დაცარიელდა, რადგან ათასობით მიგრანტიდან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილმაც  კონტინენტზე გადასვლა მოახერხა.

კალვინმა და უნტოვემ, რომლებსაც კუნძულზე რამდენიმე ბიზნესი აქვთ, ასობით მიგრანტი შეიფარეს. წყვილს სურს დაეხმაროს იმ ხალხს, რომელსაც სინეგალიდან 7 თვის წინ წამოსული  უსმანივით კუნძულზე მოუხდა დარჩენა. უსმანს თავისი ოჯახისთვის უკეთესი მომავალი სურს.

უსმან ნდიაიე, თავშესაფრის მაძიებელი:

„ ეს ჩემი ცოლია, ეს –  შვილი. როცა ის დაიბადა, მე აქ გრან-კანარიაზე ვიყავი. არასოდეს მინახავს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ რამეს მივაღწიო.“

უსმანი არასოდეს აცდენს  ენის გაკვეთილებს, რომლებიც სასტუმროში ტარდება. მან თავშესაფარი ითხოვა და პასუხს ელდოება. როგორც აქაური ემიგრანტების უმეტესობა, ისიც კონტინენტზე შესვლაზე ოცნებობს.

უსმან ნდიაიე, თავშესაფრის მაძიებელი:

“ჩემი გზავნილი ევროპელების მიმართ ის არის, რომ დაგვეხმარონ კონტინენტურ ესპანეთში შევიდეთ და სამუშაო ვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან გავიმარჯვებ, რწმენას არასდროს ვკარგავ.“

ამ ახალგაზრდებს უკეთესი ცხოვრება რომ ჰქონდეთ და საზოგადოების სრულუფლებიან წვერებად იქცნენ, მათმა მფარველმა წყვილმა დააარსა ორგანიზაცია „კანარი – აფრიკის დედა“. სწორედ ასე უწოდებენ  სტუმრები ქალს, რომელსაც  მეორე დედად თვლიან.

უნტოვე საეტრანი, ბიზნესის მფლობელი, ფონდ „კანარი – აფრიკის დედის“ თანადამფუძნებელი:

“მათ ისეთი დიდი იმედი აქვთ, როცა ევროპაში ჩამოდიან. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მათ დავეხმარები, ოცნებები აუსრულდეთ და არ დაემსხვრეთ.“

კალვინ ლუკოკი, სასტუმროს მენეჯერი,  ფონდ „კანარი – აფრიკის დედის“ თანადამფუძნებელი:

„ამ პრობლემიდან მხოლოდ ორ გამოსავალს ვხედავ. მესმის, რომ გაძევება ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ გამოსავალი ინტეგრაციაც შეიძლება იყოს. უმოქმედობა კი არ არის გამოსავალი, რადგან შედეგად ამ ხალხს ქუჩაში მოუხდება ცხოვრება და ეს სულ სხვა პრობლემას შექმნის.“

ადგილობრივი მოსახლოების ნაწილისთვის ეს უკვე არის დიდი პრობლემა. ალექსი ესპანური უკიდურესი მემარჯვენე პარტიის „ვოქსის“  წევრია. ადგილობრივები მას ხშირად შესჩივიან, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების გამო, ცხოვრება გურთულდათ.

ალექსის იულიუს ბოსე, პარტია „ვოქს გრან-კანარიას“ ღონისძიებათა მენეჯერი:

“ეს საცხოვრებელი  უბანი ძალიან მშვიდი უბანი იყო მანამ, სანამ  უკანონო მიგრანტების რამდენიმე ცენტრი გახსნეს. აქაურებს სახლის ახლოს სეირნობაც კი ეშინიათ.  მარჯვნივ ხედავთ მონასტერ ლილის,  რომელიც 93 მიგრანტის თავშესაფრად გადაკეთდა.“

ადგილობრივი მოსახლე ქალი, რომელსაც სახელის გამხელა შურისძიების შიშის გამო არ სურს, ყვება, რომ მონასტერში ხშირად არის ჩხუბი და აყალ-მაყალი, იქვე პატარა სახლი კი „ნარკოდამოკიდებულების თავშესაყარია, სადაც ყიდიან და იკეთებენ წამალს.“.

„ თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ!. ნებისმიერ დროს, როდესაც სახლიდან გახვალ, შეიძლება დაგიჭირონ, გაგძარცვონ, გაგაუპატიურონ და ა.შ. ჩვენ არ ვარ ვართ მიჩვეული ასეთ ცხოვრებას. ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ – ამბობს ანონიმური წყარო.

დაძაბულობამ პიკს რამდენიმე თვის წინ მიაღწია, როდესაც  ადგილობრივები თავს დაესხნენ მიგრანტებს –  თავშესაფრად გადაქცეულ სკოლის შენობაში. შემდეგ ვითარება განიმუხტა, მაგრამ ალექსისი თვლის, რომ ესპანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგან ასეთი დაპირისპირების აღსაკვეთად.

ალექსის იულიუს ბოსე, პარტია „ვოქს გრან-კანარიას“ ღონისძიებათა მენეჯერი:

„პირველი, რაც უნდა მოვითხოვოთ, ის არის, რომ შეწყდეს ხალხის ჩამოსვლა და მათი ძიძაობა. მეორე მხრივ, არც ის არის გამოსავალი, რომ ყველა იმიგრანტი, რომლებიც კანარის კუნძულებზე ჩამოვლენ, აქ დარჩეს და ევროპაში არ წავიდეს. ამის ერთადერთი შედეგი ის არის, რომ საჯარო ფინანსების დიდი ნაწილი – გადასახადების გადამხდელების ფული იფლანგება. არადა კანარიზეც არის სამუშაოს პრობლემა.“

კანარის კუნძულებზე ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ უნდა შესრულდეს  ევროპის პაქტი იმიგრაციისა და თავშესაფარის შესახებ.

ანსელმო პესტანა პადრონი, ესპანეთის მთავრობის რწმუნებული კანარის კუნძულებზე:

„დაუშვებელია, რომ ევროპამ საზღვრისპირა ტერიტორიებს ისე უყუროს, თითქოს ეს მისი პრობლემა არ არის. ეს ევროპის პრობლემაა. და თუ ეს  ტერიტორია ვეღარ უძლებს ზეწოლას, სოციალურ პრობლემები უჩნდება, მოგეხსენებათ კანარის კუნძულებზე ეკონომიკური კრიზისია, ევროპამ სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს.“

როდესაც ლას-პალმასში მზე ჩადის, უამრავი კაცი ჩრდილიდან გამოდის და იმ საკვებს ელოდება, რომელსაც ადგილობრივი მოხალისეების ქსელი არიგებს..

რობერტო ჟილი, პლატფორმა SOMOS RED LAS PALMAS-ის წარმომადგენელი:

«მოსახლეობას არ აქვს საშუალება, რომ ტანსაცმელი და საკვები დაარიგოს, ეს ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ არ შეიძლება, რომ ხალხი ქუჩაში გვყავდეს, იქ ჭამდნენ, სვამდნენ და ეძინოთ, რადგან ეს დაყოვნებული მოქმედების ბომბია, რომელიც აუცილებლად აფეთქდება.“

დოუას, ბევრი სხვა მიგრანტის მსგავსად, სანაპიროზე სძინავს. მან ოთხჯერ სცადა კუნძულის დატოვება, ყველა ლეგალური საბუთიც ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან მოაბრუნეს.

დოუას გეიე, თავშესაფრის მაძიებელი:

„სინეგალში სამუშაო რომ ყოფილიყო, იქ დავრჩებოდით! დიახ, დავრჩებოდით! მაგრამ სინეგალში არც სამუშაოა და არც არაფერი! ჩვენ ვთხოვთ   ესპანეთის მთავრობას, რომ კონტინენტურ ესპანეთში შეგვიშვას, გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ დავტოვოთ ეს კუნძული!“

ავტორი: ვალერი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend