მთავარიმსოფლიოევროპაბალკანეთის ევროპული მომავალი

ბალკანეთის ევროპული მომავალი

ევროკომისია დასავლეთ ბალკანური სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ოპტიმისტურად უყურებს.

ევროკავშირის კომისარი ორგანიზაციის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელი ახლახანს დაბრუნდა ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან, სადაც ის ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა.

მისი თქმით, ევროკავშირში მეტი ოპტიმიზმი გაჩნდა გასულ წელს, გაფართოების პოლიტიკის რეფორმის შემდეგ, ახალი სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“დეკემბერში გამართული დებატების ფონზე, ასევე ახალი ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების გათვალისწინებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვაგრძელებ მუშაობას იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა შევინარჩუნოთ”, – ამბობს ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში.


გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოდან, მხოლოდ სერბეთი და მონტენეგრო აწარმოებენ.

ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები არიან.

ბოსნია ჰერცოგოვინამ კი უკვე გააკეთა განაცხადი, კოსოვო კი მოლოდინის რეჟიმშია. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარისათვის გაერთიანება, რუსული და ჩინური გავლენების მიუხედავად, დასავლეთ ბალკანეთში დომინანტ მოთამაშედ რჩება.

“ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ გეოპოლიტიკური მასშტაბის მოთამაშე ვართ. როგორც ხედავთ ჩვენი კომპანიები ყველაზე მეტ ინვესტიციას დებენ რეგიონში. ევროკავშირი კი რეგიონს ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ დახმარებას უწევს, რეფორმები კი ამ ყველაფრის თანმდევი პროცესია. ერთჯერადი ინვესტიციების ხიბლი ნათელია, მაგრამ მიუხედავად ამისა ევროკავშირი რეგიონის ცხოვრებაში ყოველდღიურად არის ჩართული”, – ამბობს ოლივერ ვარჰელი, ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში.

გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის განცხადებით, ალბანეთი ჩრდილოეთ მაკედონიაზე ადრე დაიწყებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. თუმცა ამ სახელმწიფოს გაწევრიანებას ვეტოს ბულგარეთი ადებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი კი, რომელიც ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბულგარული მხარის მიერ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით წამოყენებულ მოთხოვნებს არ ეთანხმება.

“ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი საკუთარ დანაპირებს შეასრულებს. ჩვენ ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა შევასრულეთ. ახლა ჩვენ ველით, რომ ბრიუსელი საკუთარ დანაპირებს შეასრულებს. ჩვენ მზად ვართ, ყველა საკითხის განხილვისთვის. საკითხები კი, რომელიც ენას და იდენტობას ეხება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების არცერთ ეტაპზე არ განხილულა”, – ამბობს ზორან ზაევი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი სახელმწიფოს ენა და ეროვნული იდენტობა განხილვის საგანი ვერ გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend