ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ამერიკის ყველაზე მასშტაბური საწვავის მილსადენზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
კომპანია Colonial Pipeline, რომელსაც ამერიკაში ყველაზე დიდი მილსადენები აქვს, დღეში 2,5 მილიონ ბარელს გამოიმუშავებს და ამერიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს დიზელისა და ბენზინის 45% -ით ამარაგებს.
რამდენიმე დღის წინ კიბერთავდამსხმელებმა მთლიანად გათიშეს მილსადენები, აღდგენითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. სხვადასხვა ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება 18 შტატშია შეჩერებულია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ სამართალდამცავ უწყებებთან და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად.
წინასწარი ცნობით, კიბერთავდასხმის უკან რუსული დაჯგუფება Dark Side დგას, რომელიც ძირითადად გამოძალვაზე მუშაობს. გამომძალველებმა მოიპოვეს და დაბლოკეს მონაცემები რამდენიმე კომპიუტერსა და სერვერზე, შემდეგ კი ფული მოითხოვეს. თუ კომპანია თანხას არ გადაიხდის, ჰაკერები იმუქრებიან, რომ მონაცემებს ინტერნეტსივრცეში გაავრცელებენ.
CNN-ის წყაროს ცნობით, Dark Side საკმაოდ გამოცდილი დაჯგუფებაა. მისი სამიზნე ძირითადად არარუსულენოვანი ქვეყნებია. როგორც წესი, გამომძალველი პროგრამა კრიპტოვალუტის სახით ითხოვს თანხას, რომელიც შეიძლება მილიონობით დოლარამდე გაიზარდოს. თუ მსხვერპლი წინააღმდეგობას გაუწევს, ჰაკერები კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებით იმუქრებიან.
დაჯგუფება Dark Side საკმაოდ ცნობილია ე.წ „დარკვებში“, ანუ ბნელ ვებგვერდზე, რომელზეც არსებობს ჰაკერული ფორუმები. ამ ჰაკერულ ფორუმებზე Dark Side-ის წევრები წერდნენ, რომ მათ არაერთი მილიონი გამოუმუშავებიათ გამომძალველი პროგრამით და რომ ამ საქმეში პირველები არ არიან, თუმცა პროგრამა, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ, ჯერ კიდევ ახალი და გამოუკვლეველია.
კიბერსპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კიბერშეტევის ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიით ისარგებლეს. ინჟინრები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ და მილსადენის მართვაც სახლებიდან ხდება. სწორედ ამიტომ შეძლეს კიბერდამნაშავეებმა სისტემაში შეღწევა.