მთავარი საქართველო ვინ შემოიტანს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს - პრემიერის ახალი მრჩეველი

ვინ შემოიტანს საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს – პრემიერის ახალი მრჩეველი

ეკონომიკის აღდგენის გეგმის შესამუშავებლად, საქართველოს მთავრობა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვას და დასაქმებას იწყებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ახალი მრჩეველი ეყოლება.

ამ პოსტზე ღარიბაშვილმა  სლოვაკი ფინანსისტი ვაზილ ჰუდაკი დანიშნა, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში კერძო ბანკებში სხვადასხვა თანამდებობებზე – ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკისა და შემდეგ ფინანსთა მინისტრად მუშაობდა.

მთავრობა ახლა იმედებს ამ უცხოელ სპეციალისტზე ამყარებს, რომელმაც იცის საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა და მისივე თქმით, გამოცდილების მთელი ძალებით გაზიარებას აპირებს.

“მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ეს პოლიტიკაც სწორედ ბატონი ვაზილის პროფესიული რჩევებითა და ხედვებით განხორციელდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეთავაზების მიღებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

თავად მოწვეული სპეციალისტი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სპეციალური მრჩეველი ამბობს, რომ მისი გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა რესურსების სწორად მობილიზებაში დაეხმარება.

„საქართველოს მიმართულებებია, უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე, სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ იმაში ვხედავ ჩემს როლს, დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც საერთაშორისო დახმარების გზით სხვა რესურსების მობილიზაცია მოხდება, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა ჰუდაკმა.

პრემიერის მიერ სამთავრობო გუნდში კიდევ ერთი შტატის გახსნას დიდი მოლოდინებით არ ხვდება ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი.

მათი თქმით, მთავარი რითაც უცხოელი მსხვილი ინვესტორი საქართველოში ფულის ჩადებით დაინტერესდება, საინვესტიციო გარემოს რეალური გაუმჯობესებაა და არა რომელიმე უცხოელი ფინანსისტის მოწვევა.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამ სიახლეს პოზიტიურზე მეტად, სკეპტიკურად უყურებს.

„ვფიქრობ, რომ ეკონომიკას და ინვესტიციების მოზიდვას უფრო სხვა რამ სჭირდება. საერთოდ ინვესტიციების უხვად მოზიდვას კარგი საინვესტიციო გარემო სჭირდება. ჩვენ კი ასეთი სურათი გვაქვს – ყველაზე დიდი ინვესტიცია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური თალსაზრისით, ანაკლიის პორტი ჩავარდა. სახელმწიფო შესყიდვები თითქმის 8 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე, ტენდერების გარეშე ტარდება. ხოლო რაც ტენდერს ექვემდებარება, მასშიც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან აფილირებული პირები და კომპანიები იმარჯვებენ. ამას როცა უყურებს მსხვილი ინვესტორი, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს. ეკონომიკას სჭირდება გათავისუფლება კონკრეტულ პირთა ჯგუფის ტყვეობიდან. ამიტომ, მე შეიძლება კარგად ვაფასებდე მოწვეული სპეციალისტის წარსულ გამოცდილებას, მაგრამ რაიმე სასიკეთო ცვლილებებს მისი საქმიანობიდან არ ველი“ , – ამბობს ნიკა შენგელია.

ექსპერტების მეორე ნაწილი კი ვაზილ ჰუდაკის პროფესიულ გამოცდილებას ენდობა და მის აზრს წარმატების ერთ-ერთ ფორმულად აფასებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, ყველა უცხოური გამოცდილების გაზიარება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვას განვითარებული ქვეყნებიდან ვცდილობთ. იმ ქვეყნებიდან, სადაც კაპიტალის შეფარდებითი სიჭარბე არსებობს და გვინდა, ეს კაპიტალი ჩვენსკენ მოვიზიდოთ. ასეთი ქვეყნებს კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და აშშ წარმოადგენს. ისეთი სპეციალისტის მოწვევა, რომელიც ამ ქვეყნებშია ნამუშევარი და თან სერიოზულ თანამდებობებზე, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. მას დიდი კავშირები აქვს და ალბათ, თავის საქმიანობისას გამოიყენებს. ახლა ყველა წარმატებული სპეციალისტის აზრი და რჩევა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – გვითხრა სოსო არჩვაძემ.

საქართველოს ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 60%-იან ვარდნას განიცდის.

რაში დაეხმარება სლოვაკი ფინანსისტი ვაზილ ჰუდაკი ქართულ ეკონომიკას, ამას, რა თქმა უნდა, მისი მომავალი საქმიანობა აჩვენებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend