ისრაელის პრეზიდენტის რუვენ რივლინის მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის მიცემული ოთხკვირიანი ვადა ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ამოიწურა. ამან შესაძლოა, პირველად, 12 წლის განმავლობაში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიის ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვიოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პრეზიდენტი ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ოპონენტს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შესთავაზებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დადგენილ ვადებში ვერ ჩაეტია. შესაბამისად, მან ვერ მოასწრო მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად, 12 წლის განმავლობაში, შესაძლოა მისი პარტია ოპოზიციაში გადავიდეს. ისრაელის პრეზიდეტნის მიერ მიცემული 4-კვირიანი ვადა 5 მაისს ამოიწურა.
ახლა ეს საკითხი განსახილველად პრეზიდენტ რუვენ რივლინს დაუბრუნდება. იგი უნდა დაუკავშირდეს იმ 13 პარტიას, რომელთაც მანდატები აქვთ პარლამენტში. მათ უნდა იმსჯელონ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე.
როგორც ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში რივლინი ნეთანიაჰუს ერთ-ერთ ოპონენტს მისცემს შანსს, რომ ალტერნატიული კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. მან ასევე შესაძლოა პარლამენტს მიმართოს თხოვნით, რომ პრემიერ-მინისტრად პარლამენტის წევრი აირჩიონ.
თუ ეს პროცესები ჩაიშლება, ქვეყანაში გაიმართება მორიგი არჩევნები, რომელიც 2 წლის განმავლობაში უკვე მეხუთე იქნება.