მთავარი საქართველო საზღვარი აღდგომაზე გადის

საზღვარი აღდგომაზე გადის

სოფელი კირბალი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

სოფელში პირობითი საზღვარი გადის. გამყოფი ხაზის იქით კი რუსი მესაზღვრეები პატრულირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ასობით ჰექტარი მიწა აღმოჩნდა.

კირბალის სასაფლაოც სწორედ ამ საზღვრის იქითაა. სოფელში მავთუხლართები არ არის, მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დგას.


ამ სოფლიდან ბევრჯერ გაუტაციათ ადამიანები, თუმცა ადგილობრივები აღდგომას საფლავზე მაინც გადიან.

სოფელ კირბალში ვიწრო გზას მივყავართ, სოფლის ნაწილი, უკვე წლებია, საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი. სოფლის ცენტრში მამაკაცები არიან შეკრებილები. აქ ისინი ყოველდღიურად იყრიან თავს, სხვადასხვა ამბავს ჰყვებიან და ნარდს თამაშობენ. როგორც თავად ამბობენ, სოფელში ბევრი პრობლემაა, ადგილობრივებს ეკონომიურადაც უჭირთ.

„უმუშევრობაა და სახლში სწყინდება ხალხს. თუ სამუშაო არის და აქვთ, უკან არ იხევენ, ბაღებში მუშაობენ. ცოტა გაჭირვებაა, მაგრამ იჭირვებს ხალხი“, – ამბობს კირბალის მკვიდრი, ოთარ ოთიაშვილი.

აღდგომისთვის სამზადისს რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ღებავენ კვერცხებს, აცხობენ პასკებს… წინაპრებისგან დანატოვარ ტრადიციებსაც არ ივიწყებენ.

აქ ასეთი წესია – კვერცხებს პარასკევს გამთენიისას ღებავენ და მზის ამოსვლამდე გააქვთ საფლავზე.

იქ მიცვალებულებს იგონებენ და უკან მალევე ბრუნდებიან. ადგილობრივების თქმით, ახლა საფლავზე უფრო ნაკლები ხალხი გადის, ეშინიათ… იქამდე კი, დიდ ოთხშაბათს ჭიაკოკონობას ზეიმობენ.

დანთებულ ცეცხლზე წინა წლის ბზას წვავენ და როგორც თავად ღიმილით ამბობენ, ამ რიტუალით ავ სულებს აფრთხობენ.

„ჩვენ საზღვრისპირა სოფლად ვითვლებით და დღესდღეობით სასაფლაოზე გასვლისაც გვეშინია. კვერცხებს ხუთშაბათს საღამოს ვღებავთ, რომ წითელი პარასკევისთვის მზად გვქონდეს, მერე ვღებავთ აღდგომა დღეს. ხან არის, რომ პოლიცია დგას… რამდენიმე წლის წინ სასაფლაოზე ყველაზე გვიან მე გავედი, სკოლაში რომ ვმუშაობ და პოლიცია იდგა იქ. ვიდრე ბოლო კაცი არ წამოვიდა სასაფლაოდან, იქიდან არ გამოვიდა პოლიცია. ხალხი უკვე სასაფლაოზე ასვლასაც ერიდება“, – ამბობს კირბალის მკვიდრი, ლეილა თაბორიძე.

კირბალელები ამბობენ, რომ სოფელში სალოცავი აქვთ, მაგრამ მოქმედი არ არის. აღდგომის ღამეს ვისაც ეკლესიაში უნდა ლიტანიობაზე დასწრება, მეზობელ სოფელში არსებულ ეკლესიაში მიდის. ამ დღეს, ნათესავები ერთად იკრიბებიან და აღდგომას ზეიმობენ.

„ტაძარი აქაც არის, მაგრამ აქ მოქმედი არ არის, მღვდელი მოდის, ისე მეზობელ სოფელში ჩავდივართ ხოლმე. სოფელში მღვდელი მოდის, მაგრამ არის ეკლესიები სოფელში. ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გააკეთა, მაგრამ ვერ მივდივართ, ჩაკეტილია, უკვე რუსები დგანან იქ“, – ამბობს კირბალის მკვიდრი, ლეილა თაბორიძე.

სოფელში ისეთებიც არიან, რომელთა ნათესავებიც გამყოფი ზოლის მიღმა დარჩნენ. როგორც თავად ამბობენ, უკვე წლებია, ახლობლებს ვეღარ ნახულობენ. სულ ცდილობენ, როგორმე ხმა მიაწვდინონ. მაგალითად, ასე…

ქრისტე აღსდგა..!

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები