ინგლისის ქალაქ ლივერპულში ერთი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა მუსიკის ფესტივალი.
კონცერტს სამი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ღონისძიებას ბრიტანეთის მთავრობის მიერ შექმნილი უწყებები აკვირდებოდნენ. მიღებული მონაცემებით დადგინდება, რამდენად უსაფრთხოა ასეთი ღონისძიებების ჩატარება.
„ვფიქრობ, რომ ეს საცდელი კონცერტი კარგია. თუ მან გაამართლა, ამ ზაფხულს უფრო მეტი კონცერტი ჩატარდება. მათ სჭირდებათ მონაცემების შეგროვება. გვიხარია, რომ ამაში მონაწილეობას ვიღებთ“, – ამბობს კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე.
მთავრობა შეზღუდვების სრულად მოხსნას 21 ივნისს გეგმავს. ეს ქვეყნის წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის შედეგია. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვს.
„ამჟამად ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. შანსი იმისა, რომ გარე სივრცეში დაინფიცირდები, დაბალია. თუმცა ვფიქრობ, რომ პირბადის ტარება მაინც აუცილებელია.“ – ამბობს მოლეკულური მედიცინის პროფესორი სტივენ ბასტინი.
კონცერტზე დამსწრეებს არ ევალებოდათ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ ბარსელონაშიც.