მთავარიმსოფლიოევროპაევროკომისია ევროპის ქვეყნებში ტურისტების დაშვების მომხრეა

ევროკომისია ევროპის ქვეყნებში ტურისტების დაშვების მომხრეა

ევროპული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის ევროკავშირში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები დათქმულ დროზე ადრე შემსუბუქდება.

ახალი გეგმის მიხედვით, ევროკავშირში მოგზაურობის უფლება ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა ქვეყნებში კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ან ვისაც ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვს გაკეთებული.

ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ უფლება, აკრძალონ მოგზაურობა იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ახალი შტამების გავრცელება შეინიშნება.

„ეს კანონმდებლობა საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს, სწრაფად დააწესონ შეზღუდვები და უსაფრთხოების წესები შემოიღონ“, – ამბობს ადალბერტ იანცი, ევროკომისიის წარმომადგენელი.

ევროკავშირის მოქალაქეებს საზღვრის გადასაკვეთად ციფრული სერტიფიკატების წარდგენა მოუწევთ.

ე.წ „მწვანე სერტიფიკატებზე“ მოცემული იქნება  ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ადამიანს გაკეთებული ვაქცინა, გადატანილი აქვს თუ არა კორონავირუსი ან აქვს თუ არა პისიარტესტის უარყოფითი პასუხი.

ახალ გეგმას მიესალმებიან ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები. ევროკავშირში მოგზაურების რაოდენობა შარშან 70 პროცენტით შემცირდა.

„ეს აუცილებელია, რათა ზაფხულის სეზონი არ ჩავარდეს. იმედი გვაქვს, ახალი გეგმა გადაარჩენს ამ სფეროში მომუშავე ბიზნესმენებს გაკოტრებისგან“, – განაცხადა ედუარდო სანტანდერმა, ევროპის მოგზაურობის კომისიის წევრმა.

პანდემიის გამო ევროკავშირის ტურიზმის სექტორში დასაქმებულ თერთმეტმილიონ ადამიანს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

იმისათვის, რომ ევროკომისიის გეგმა დამტკიცდეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობაა საჭირო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend