მთავარისაქართველოდაკეტილი სასაფლაოები

დაკეტილი სასაფლაოები

საქართველოში დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მოსახლეობა გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე გადის, თუმცა პანდემიის მესამე ტალღის გამო 2-დან 4 მაისის ჩათვლით საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა აკრძალულია. ჩაკეტილია სასაფლაოებთან მისასვლელი გზები, დაწესებული რეგულაციების დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა არ ვრცელდება ახლობლების დაკრძალვის შემთხვევაში.

სასაფლაო
ლამარა აბჟანდაძე ოჯახთან ერთად აფხაზეთში Copyright Euronews Georgia

“ამ ფოტოზე მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები ვართ. როგორ ტკბილად მახსოვს ეს დრო“, – ამბობს 90 წლის ლამარა აბჟანდაძე და თან შავ-თეთრ ფოტოს გვაჩვენებს.

ახსოვს თითოეული ის ამბავი, რომელიც ამ შავ-თეთრ ფოტოებს ახლავს თან და გონებაში ფერად მოგონებებად იქცევა, მოგონებებად, რომლებიც სახეზე ღიმილთან ერთად ათასგვარ ემოციასაც ჰგვრის.

 
ფოტოალბომში მრავალ მნიშვნელოვან ფოტოსურათთან ერთად ერთი განსაკუთრებული ფოტოა, რომელზეც ლამარა აბჟანდაძე და მისი მეუღლე არიან ასახული.

სასაფლაო
ლამარა აბჟანდაძე მეუღლესთან ერთად Copyright Euronews Georgia

ეს ფოტო, სავარაუდოდ, 1961 წლის შემდეგ არის გადაღებული, მაშინ, როდესაც ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ლამარა აბჟანდაძემ მეორე ნახევარი იპოვა და დაქორწინდნენ.  ჭირსა და ლხინში 37-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი მათ ცხოვრებაში სწორედ ის მოხდა, რაც დაქორწინებისას წყვილებს ყველაზე მეტად აშინებთ და რის  მოსმენაც ქორწილის დღეს არავის სურს.

„68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი მეუღლე“, – იხსენებს ლამარა აბჟანდაძე.

მას შემდეგ ლამარა აბჟანდაძე მეუღლის საფლავს ხშირად სტუმრობდა. თუმცა 90 წლის პენსიონერი ბოლო 2 წელია აღდგომის დღესასწაულზე დაწესებული შეზღუდვების გამო, საქართველოს სხვა  მოქალაქეების მსგავსად, საყვარელი ადამიანების საფლავებზე მისვლას ვეღარ ახერხებს.

„პანდემიის დროს არ არის აუცილებელი, რომ ყველა მიაწყდეს სასაფლაოებს. ახლა რომ გზა გახსნან და ყველა წავიდეს, ისეთივე ამბავი შეიქმნება, როგორიც ადრე ხდებოდა. და რა, მიცვალებული გაიგებს თუ რა? პირიქით, მე მიცვალებულის შეურაცხყოფად მიმაჩნია, როდესაც სასაფლაოზე დიდი პურმარილი იშლება და ღრეობის მსგავსი რამ ხდება“, – ამბობს 90 წლის ლამარა აბჟანდაძე.

კორონავირუსის პანდემიამ 90 წლის უკვე აცრილი ლამარა აბჟანდაძის ყოველდღიურობაც შეცვალა. იხსენებს, რომ პანდემიამდე დღეში დაახლოებით 5 კილომეტრს მაინც დადიოდა.

„ახლა ტრანსპორტს ვერიდები საერთოდ, მაგრამ სიარული რომ მიყვარს, საღამოს საათებში გავდივარ გარეთ, ისე, ბევრი ხალხი რომ არ იყოს. ვსეირნობ, რამდენიმე ქუჩას გადავკვეთ და ვბრუნდები სახლში. თუ კიდევ მომინდა სიარული, ისევ იმასვე ვაკეთებ. ასე რომ, სახლში დამჯდარს ნამდვილად ვერ მნახავ“, – გვიყვება ლამარა აბჟანდაძე

სასაფლაო
ლამარა აბჟანდაძე Copyright Euronews Georgia

სახლში უსაქმურად დამჯდარი ვერც ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათის დროს ნახავთ. ამბობს, რომ საოჯახო საქმეებით არ აწუხებენ, ამიტომ სახლში დროს ძირითადად კომპიუტერთან ატარებს, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ შეისწავლა და დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია. თუმცა დღე არ გადის ისე, რომ ყვავილებს არ მოუაროს. როგორც თავად ამბობს,  მის გარეშე ყვავილები მოიწყენენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend