მთავარისაქართველოვაქცინაცია და საზოგადოების განწყობა საქართველოში

ვაქცინაცია და საზოგადოების განწყობა საქართველოში

„ევრონიუს ჯორჯიას“ კითხვაზე, აპირებენ თუ არა აცრას, გამვლელთა  პასუხები არაერთგვაროვანი იყო.

„100 გრამი არაყი დალიე, ყველაზე ნაღდია!“

„როგორც მსოფლიო გადაწყვეტს, ისე მოვიქცევით.“

„მე გულის ისეთი პრობლემა მაქვს, რომ ვერ გავიკეთებ. ისე, ვაქცინის მომხრე ვარ“.

„ამ ეტაპზე არ ვაპირებ, იმიტომ, რომ კორონა ცოტა ხნის წინ გადავიტანე. სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი“.

„დიახ, ვაპირებ! თუ ყველა გაიკეთებს, მეც გავიკეთებ“.

„კი, ვაპირებ, იმიტომ, რომ უსაფრთხოა. ევროპის ქვეყნებიც იყენებენ. ხომ უნდა დასრულდეს კოვიდპანდემია. ერთადერთი გზა კი ვაქცინაა“.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს.

ამჟამად ვაქცინის გაკეთება მხოლოდ გარკვეული პროფესიის, ასაკისა და სამედიცინო დიაგნოზის მქონე მოსახლეობას შეუძლია.

აცრის მსურველები იმ სამედიცინო ცენტრებში იკრიბებიან, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს და თავიანთ რიგს საავადმყოფოს დერეფანში უცდიან.

რეგისტრაციის შემდეგ ისინი კონსულტაციას ექიმთან გადიან, შემდეგ კი  ვაქცინაციის ოთახში გადაინაცვლებენ.

ვიცრები იმიტომ, რომ დაზღვეული ვიყოთ, ჩვენც, ჩვენი ოჯახის წევრებიც და ყველა, ვინც ჩვენ გარშემოა. მოდით და აიცერით! სავალდებულოა! საჭიროა!“ – ამბობს მარინა ქერქაძე.

კოვიდის აცრას იმიტომ ვიკეთებ, რომ ძალიან გავრცელდა. ხანდაზმულობის გამო ჩემთვის ძალიან რთული გადასატანია. უფრო მეტი რისკია, რომ არ გავიკეთო“, – განაცხადა თენგიზ ჟღენტმა.

აცრილებმა ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დრო  კლინიკაში უნდა დაყონ, რათა ნებისმიერი გართულების შემთხვევაში მათ გვერდით ექიმი იყოს.

ინფექციური საავადმყოფო ერთ-ერთია იმ დაწესებულებებიდან, რომლებშიც ვაქცინაციაა შესაძლებელი.

საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყოველდღიურად კლინიკაში დაახლოებით 160-დან 170 -მდე ადამიანი იცრება.

„პროცესი მშვიდად მიდის, ნებისმიერი გართულების გარეშე. მოსახლეობას კი მოვუწოდებ, რომ სიტუაციას გაგებით მოეკიდონ და ვაქცინაცია ჩაიტარონ“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მაისის დასაწყისიდან ვაქცინის მიღებას 18 წელს გადაცილებულს ნებისმიერ მსურველს  შეუძლია.

„ვაქცინა ერთადერთი საშუალება და იარაღია კოვიდ-19 ზე გამარჯვებისათვის“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend