საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა უკავშირდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებს, რომლებიც 4-დან 11 მაისამდე გამოცხადდა და რომლის მიზანიც მობილობის შემცირებაა.
შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლას.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, უქმე დღეებში შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.