2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. 3-დან 12 მაისის ჩათვლით კი საქართველოს მასშტაბით არსად არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
“მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეები. ამას ემატება აღდგომის დღესასწაულები და სხვა რელიგიური დღესასწაული, შესაბამისად გამოდის, რომ 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით საქართველოში იქნება უქმე დღეები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა
ხოლო რაც შეეხება ღამით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას, გამონაკლისის სახით პირველ მაისს 21:00 საათის ნაცვლად შეზღუდვა 23:00 საათზე დაიწყება და იმოქმედებს ორი მაისის დილის ოთხ საათამდე. სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვა.