მთავარი გადაცემები ლითიუმის პრობლემა პორტუგალიაში

ლითიუმის პრობლემა პორტუგალიაში

ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ბაროსოს რეგიონის შორეული მთების მკვიდრს, მეცხვარე პაულო პირესს თავისი ცხვრისა და სარჩო-საბადებელის ბედი აღელვებს.

მეცხვარის დიდებულ საძოვრებს საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, იგი მთებშია დამარხული, მას ლითიუმის საბადო ჰქვია და მალე ამ მადნის მოპოვება დაიწყება.

პაულო პირესი, მეცხვარე:

„მე ამ მაღაროს წინააღმდეგი ვარ, რადგან,  ჩემი აზრით, ის არავითარ  სიკეთეს არ მოიტანს. ის საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი  და მსურს, ისევ გავაკეთო: მინდა, ვიყო მეცხვარე და მყავდეს ცხვარი.“

ბაროსოს მთებში ევროპის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გასაღები დევს, რომელსაც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება შეუძლია. საქმე ისაა, რომ ლითიუმი აუცილებელია ელექტრომობილების ბატარეებისა და განახლებადი ენერგიის დამგროვებელი ელემენტებისთვის.

 

პორტუგალიაში ამ იშვიათი ლითონის 10 საბადოა აღმოჩენილი სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სოფელ კოვაშ-დუ-ბაროზუში, რომელიც მალე შესაძლოა  დასავლეთ ევროპაში ლითიუმის მოპოვების ეპიცენტრად და ყველაზე დიდ მაღაროდ გადაიქცეს.

ამ მთებიდან წელიწადში შესაძლოა 200 ათასი ტონა ლითიუმის შემცველი მინერალი ამოიღონ.

მაგრამ ლითიუმის წარმოების საკითხი დიდ წინააღმდეგობასთან არის დაკავშირებული. ფერმერები აიდა და ნელსონი ლითიუმის მოპოვების საწინააღმდეგო მოძრაობას უდგანან სათავეში. მათ სჯერათ, რომ ღია მაღაროს ამოქმედებას შედეგად ტყის განადგურება, მტვერი, ხმაური და გარემოს დაბინძურება მოჰყვება.

მათ ონლაინპეტიციას და საპროტესტო კამპანიას მთელ პორტუგალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ათასობით მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

ნელსონ გომესი, ფერმერი

„ჩემი აზრით, სრული უფლება გვაქვს, რომ ეს შევაჩეროთ და მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს. გვსურს, ჩვენი ცხოვრების წესი დავიცვათ და შევინარჩუნოთ.“

ამ მაღაროს მუშაობა ამჟამად შეჩერებულია და მთავრობის ნებართვას ელოდება. აიდა და ნელსონი შიშობენ, რომ საბადოს მიდამოებში გაყვანილმა მილებმა შესაძლოა მიწისქვეშა წყლები დააზიანონ.

აიდა ფერნანდესი, ფერმერი:

„საქმე ისაა, რომ როცა წყალი ღორღსა და მიწას შეერევა…ეს განადგურების ტოლფასია.“

ბევრი აქაურის მსგავსად, აიდას და ნელსონს უყვართ ის მიწა, სადაც ცხოვრობენ და რომელსაც თანასოფლელებთან ერთად ფლობენ. ეს ოსფელი გაეროს მიერ მსოფლიოს აგრარულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.

აიდა ფერნანდესი, ფერმერი:

„მე და ჩემი ძმა აქ გავიზარდეთ, ძროხებს ვუვლიდით. აქაურობა ჩემთვის ძალიან ახლობელია, რადგან ბავშვობიდან აქ ვარ. და ახლა, როცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი სრულიად უმიზეზოდ შეიძლება განადგურდეს,  მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასეთი იდეა აქვთ, ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. გულს მიკლავს იმის ცოდნა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, გაქრება.“

არსებული გათვლებით, ბაროზუს მაღაროს ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 16 წელია. აქედან ორი წელი  ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ლოგისტიკის დაგეგმვას დასჭირდება. ბაროზუს საბადოს პროექტის უკან ლონდონში დაფუძნებული კომპანია „სავანა რესორსი“ დგას. ეს წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია იმედოვნებს, რომ საბადოს 2023 წელს აამოქმედებს და მაღაროს ექსპლოატაციის პერიოდში საერთო ჯამში მილიარდ 300 მილიონი ევროს შემოსავალი ექნება.

დევიდ არჩერი, კომპანია Savannah Resources-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენ შევქმენით მდგრადი პროექტი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს. მენეჯმენტს პროექტის განვითარების თითოეული ასპექტი უკვე გათვლილი აქვს. მაგალითად,  ავიღოღოთ წყალი –  წყლის შეგროვებასა და გადამუშავებას ვაპირებთ. გზები რომ სატვირთოებით არ გადაიტვირთოს, შემოვლით გზას გავიყვანთ, რაშიც 6 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, პორტუგალიას ლითიუმის გადამუშავების საწარმოო ჯაჭვში მონაწილეობის მიღების უამრავ შესაძლებლობას მივცემთ.“

ლითიუმის ციებ-ცხელებამ უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა, მას სათავე ელექტრომობილების, ციფრული და ეკოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებამ დაუდო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ლითიუმის იმპორტის იმედად ვერ იქნება და მიწოდების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს.

მსოფლიოში ლითიუმის ყველაზე დიდი მწარმოებლები ავსტრალია, ჩინეთი და ჩილე არიან. დიდი ალბათობით მომავალ წლებში ლითიუმზე მოთხოვნის ბუმი იქნება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და „ევროპული ბატარეის ალიანსის“ კოორდინატორის მაროს შეფჩოვიჩის მიხედვით, „2050 წლისთვის ევროპას 60-ჯერ მეტი ლითიუმი დასჭირდება მხოლოდ  ელექტრომობილებისა და ელექტროენერგიის დამგროვებელი აპარატურისთვის.“

ევროკავშირსა და ინდუსტრიულ კომპანიებს სრული სწარმოო ჯაჭვის განვითარება სურთ, ლითიუმის მოპოვებით დაწყებული ბატარეების წარმოებით დამთავრებული. 2025 წლისთვის ამ ბაზრის ღირებულება შესაძლოა 250 მილიარდი ევრო იყოს და პორტუგალიას თავისი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდა.

ჟუან პედრო მატუშ ფერნანდესი, პორტუგალიის გარემოს დაცვისა და კლიმატის მინისტრი:

„ენერგეტიკული ტრანსფორმაცია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური და ინდუსტრიული შესაძლებლობაა. გვსურს, გამოვიყენოთ ჩვენი ლითიუმის პოტენციალი, რომ დეკარბონიზაციის კუთხით შექმნილ საწარმოო ჯაჭვში საკვანძო ფუნქცია შევასრულოთ.“

პორტუგალიაში ამის ყველას არ სჯერა. გარმოსდამცველები შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა ერთ დიდ მომპოვებელ საწარმოდ გადაიქცეს და ისეთი ღია მაღაროებით დაიფაროს, როგორიც ეს გრანტის კარიერია.

პორტუგალიის ბუნების კონსერვაციის ეროვნული ასოციაცია  Quercus-ის პრეზიდენტი პაულა ნუნეს და სილვა შიშობს, რომ ლითიუმზე გადასვლას შესაძლოა თავისი გვერდითი სედეგები ჰქონდეს.

Quercus-ის პრეზიდენტი პაულა ნუნეს და სილვა:

„ჩვენ, რასაკვირველია, ვემხრობით, რომ წიაღისეული საწვავის მოპოვება  დასრულდეს. მაგრამ გვინდა ვიცოდეთ, რეალურად რა შედეგი მოჰყვება ამ ახალ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას. ასეთი საკითხია წიაღისეულის, ლითიუმის მოპოვებაც. მართალია, ლითიუმი საჭირო იქნება, მაგრამ რა ბედი ეწევა ყველა ამ ბატარეასა და ლითიუმის ტრანსფორმაციას? გარემოსდამცველებს გარკვეული ეჭვები გვაქვს.“

სოფელ კოვაშ-დუ-ბაროზუს  ბედი ახლა იმაზეა დამოკიდებული, აუნთებს თუ არა მთავრობა მაღაროს მწვანე შუქს. მართალია,  გარემოზე მაღაროს გავლენა უკვე დადებითად შეფასდა, მაგრამ ამ პროექტმა საჯარო კონსულტაციებიც უნდა გაიაროს.

ბოტიკაშის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მოქალაქეების უმეტესობა მაღაროს წინააღმდეგია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 200 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება მათ.

ბოტიკაშის მერი ფერნანდო კეიროგა ამბობს, რომ მის მუნიციპალიტეტში დასაქმების პრობლემა ნაკლებად დგას და ლითიუმის საბადოზე, სავარაუდოდ, სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დასაქმდება.

ფერნანდო კეიროგა, ბოტიკაშის მერი:

„მოსახლეობის 95 პროცენტი ამ მაღაროს წინააღმდეგია, რადგან არ გვყავს ამდენი დაუსაქმებელი. ძირითადად  გარედან დასაქმდება ხალხი, დილას მოვლენ ავტომობილებით და საღამოს საკუთარ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდებიან. ეს სიმდიდრეს არ შექმნის, პირიქით გაანადგურებს სამუშაო ადგილებს სოფლის ტურიზმში, გასტრონომიისა და ფერმერული მეურნეობების სექტორებში.“

პორტუგალიის მთავრობას შეუძლია ლითიუმის საწინააღმდეგო მოძრაობა შეაჩეროს, თუ მისი სარგებლის მიმართ ინტერესს გააღვივებს და ადგილობრივი მიწების ექსპროპრიაციას მოახდენს.

მეცხვარე პაულო პირესი თვლის, რომ ევროპის კლიმატური ამბიციების ფასს მისი  სოფელი იხდის.

პაულო პირესი, მეცხვარე:

„მე ლითიუმის წინააღმდეგი არა ვარ, მინდა, ეს ნათელი იყოს.  მაგრამ  არც ის მინდა, რომ ქალაქებში გარემო  ჩემი ან სხვისი სოფლის დაბინძურების ხარჯზე გასუფთავდეს.“

პაოლო ამბობს, რომ თუ აქ ოდესმე ლითიუმის მოპოვება დაიწყება, მას სოფლის დატოვება მოუწევს,  იმ სოფლისა, რომელიც ევროპის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პარადოქსს განასახიერებს, რადგან გარემოს დაცვის სახელით,  სოფელის ბუკოლიკური იდილია უნდა დაირღვეს.

ავტორი: ბრაიან კარტერი

 

უახლესი

სხვა ამბები