მთავარისაქართველოამნისტიის ორი კანონპროექტი

ამნისტიის ორი კანონპროექტი

„ქართული ოცნების“ შემდეგ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია ახლა უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წარადგინეს. ოპოზიციონერთა მოთხოვნით, 20 ივნისის საქმეზე შეწყალება იმ მუხლებს უნდა შეეხოს, რა მუხლებითაც უკვე მიმდინარეობს სამართალწარმოება.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ შეწყალება ყველა სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს.

გამოდის, რომ პარლამენტის შენობის კედლებში, პირველივე საკითხზე მსჯელობისას – ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებები კვლავ არ დაემთხვა ერთმანეთს.

 
თუმცა, არის ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მხარე თანხმდება – ის, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მძიმე დანაშაულებს, რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო კონვენციებით.

პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირეს. სადავო კანონპროექტი, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში დეპუტატებმა, პაატა მანჯგალაძემ და შალვა შავგულიძემ წარადგინეს.

„სამწუხაროდ, ვერ შევაჯერეთ პოზიციები. ხელისუფლებამ, როგორც ვიცით, გუშინ დაარეგისტრირა თავისი ვარიანტი ამნისტიის კანონპროექტის, ხოლო ჩვენ წარვადგინეთ დღეს. არსებითი განსხვავება ამ ორ კანონპროექტს შორის ისაა, რომ ჩვენი კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას“, – განაცხადა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ.

პარლამენტში მისვლამდე ოპოზიციონერი დეპუტატები „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში შეიკრიბნენ და პოზიციები შეაჯერეს.

„აქ რამდენიმე საკითხია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, პირველი და უმთავრესი, ნებისმიერი ჩვენი ქმედება ახლა, შეთანხმება, გამომდინარეობს პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებიდან, ჩვენ ამ ჩარჩოდან არ გავდივართ“, – აღნიშნა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა.

„ამნისტიის კანონი გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე. ის გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისა და მომიტინგეებისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში, ან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და გასცეს უკანონო ბრძანება, მათზე არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკუთარი ვერსია 27 აპრილს უკვე დაარეგისტრირა „ქართულმა ოცნებამაც“. მისი წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მოხდეს.

„შეთანხმება აქ პათოსი რაც იყო, შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით, რომ შეთანხმებული პოზიციები ორივე მხარეს გამოეთქვა, ამ ხაზს მიჰყვება ქართული ოცნება და ასე გააგრძელებს ბოლომდე სხვა პუნქტებთან დაკავშირებით“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

რადგან „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია საერთო დოკუმენტზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდება, საქართველოს პარლამენტს 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის ორი დამოუკიდებელი კანონპროექტის განხილვა მოუწევს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend