მთავარისაქართველო"სააღდგომო ბაზარი" სოციალური საწამოების მხარდასაჭერად

“სააღდგომო ბაზარი” სოციალური საწამოების მხარდასაჭერად

ქართული ტრადიციით დამზადებული ხის სათამაშოები, თიხისა და ტექსტილის ნივთები, სამაგიდო თამაში, რომელიც გართობასთან ერთად ჟესტების ენის შესწავლაში გვეხმარება – ეს და სხვა ნივთები სოციალური საწარმოებისა და იქ დასაქმებული პირების მხარდასაჭერად ორბელიანის მოედანზე იყო გამოფენილი.

არტჯგუფი „ისტორიალი“ უძველეს ისტორიას თანამედროვე დიზაინით სამკაულებში აცოცხლებს.

საწარმოს პროექტის მენეჯერი ქეთევან ასათიანი მოხარულია, რომ სხვა საწარმოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა.

„გარდა იმისა, რომ ხალხი უკეთ გაეცნობა ჩვენს პროდუქციას და სოციალურ მეწარმეებზე უფრო მეტი შთაბეჭდილება შეექმნება, „სააღდგომო ბაზარი“ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ, სოციალურმა მეწარმეებმა ერთმანეთი გავიცნოთ, ჩვენ ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად ვეხმარებით ინფორმაციის გავრცელებაში“, – აღნიშნა ქეთევან ასათიანმა.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით, სააღდგომო ბაზრობა 25 აპრილს ორბელიანის მოედანზე გაიმართა.

ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

სააღდგომო ბაზრობაზე წარმოდგენილია 17 სოციალური საწარმოს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შექმნილი ნივთები, რომლებიც ხელითაა დამზადებული. მათი საერთო მახასიათებელი ეკოლოგიურობა და ნატურალურობაა.

სოციალური საწარმო „წნული” შშმ პირებს კალათებისა და სხვა ნივთების დაწნის უძველეს ტრადიციას ასწავლის.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი დავით პარკაძე აღნიშნავს, სააღდგომო ბაზრობა პანდემიის ფონზე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

„პანდემიის პერიოდი სოციალური მეწარმეობისთვის ძალიან მტკივნეული იყო, რადგან კანონმდებლობის დონეზე არ არის დარეგულირებული და სოციალური საწარმო, როგორც ტერმინი, არ არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. ჩვენ არანაირი შეღავათი არ შეგვეხო. დღევანდელი გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული სოციალური მეწარმისთვის“, – განაცხადა დავით პარკაძემ „ევრონიუსთან“ საუბარში.

სოციალური საწარმოები სხვადასხვა სახის სოციალური პრობლემის მოგვარებას სამეწარმეო მიდგომებით ცდილობენ.

სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განსხვავებულად, „ახლებური გზით“ წარმართვას გულისხმობს.

ჩვეულებრივი ბიზნესისგან სოციალურ საწარმოს მისი სოციალური ბუნება განასხვავებს.

სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუსიანი აღნიშნავს, რომ სოციალური საწარმოს მიზანი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაა და მოგებაც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული.

„მომხმარებლებს, დამთვალიერებლებს, სტუმრებს, რომლებიც დღევანდელ ბაზრობაზე მოვიდნენ და ზოგადად მხარს უჭერენ სოციალურ მეწარმეობას, შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი წვლილი შეაქვთ სოციალურ გავლენაში“, – განაცხადა სალომე კუსიანმა.

პანდემიამ სხვადასხვა ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დააყენა.

სოციალურ საწარმოებსაც სრულიად განსხვავებულ სამუშაო პირობებთან მოუხდათ ადაპტაცია.

სააღდგომო ბაზრობა ამ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი მაგალითია.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend