მთავარისაქართველო27 აპრილს პარლამენტში პირველი ერთობლივი სხდომა გაიმართება

27 აპრილს პარლამენტში პირველი ერთობლივი სხდომა გაიმართება

 

ხვალიდან ქართულ პოლიტიკაში ახალი გვერდი გადაიშლება, რადგან მეათე მოწვევის პარლამენტში უკვე დაიწყებს მუშაობას ოპოზიციის დიდი ნაწილი.

არიან ისეთებიც, ვინც საკანონმდებლო საქმიანობაში პირველად ერთვება. „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია” კვლავ პარლამენტს გარეთ რჩებიან.

ასე გადაწყვიტეს და ხელს არ აწერენ არც იმ დოკუმენტს, რომელიც ევროპელმა მედიატორმა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შესთავაზა.

ოპონენტებთან ერთად სამუშაოდ ემზადება სახელისუფლებო გუნდიც.

მათი შემადგენლობა იგივეა, თუმცა ოპოზიციას უკვე ვიცე-სპიკერის რანგში დახვდება ის, ვინც სპიკერად ეგულებოდა, სპიკერის თანამდებობას კი, დამტკიცების შემთხვევაში, უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი დაიკავებს.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, დღეს, 26 აპრილს დაცარიელებულია, თუმცა მხოლოდ ხვალამდე.

27 აპრილს ამ ადგილებს უკვე დაიკავებს ოპოზიციის უმეტესობა. მეათე მოწვევის პარლამენტში ახალი თავმჯდომარის არჩევასა და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები სწორედ 27 აპრილიდან დაიწყება. იქამდე კი ოპოზიციაში ხვალინდელი დღისთვის ემზადებიან.

„ხვალ ერთადერთი გეგმა რაც მაქვს, არის ის, რომ ვიცი, უნდა შევიდე პარლამენტის შენობაში, რეგისტრაცია გავიარო და ამ რეგისტრაციაზეა მიბმული შეწყალება გიორგი რურუასი, ასეთი პირობაა შეთანხმებული საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ხვალ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ერთ ადამიანი გამოვა ციხიდან იმის გამო, რომ მე შევალ და რეგისტრაციას გავივლი“, – განაცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ და ფიქრობენ, რომ პარლამენტში მუშაობა გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

„ხვალ არის პირველი ნაბიჯი ხელშეკრულების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ პარლამენტში, დავარეგისტრიროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. პარლამენტში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ უნდა მივიღოთ მუშაობაში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი პირველი ამოცანა იქნება ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა,“ – თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლაც სწორედ ახალი საპარლამენტო ცხოვრების დაწყებას უკავშირდება.

„ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციას ექნება მონდომება, რომ კონსტრუქციული იყოს და ითანამშრომლოს და თავისი, მათ შორის, პოზიციები დაიცვას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა შედგება და ის შეიძლება, ნაყოფიერიც კი იყოს“, – აღნიშნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში კი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, რისთვისაც როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ემზადებიან.

პოლიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ იქამდე ქვეყანას წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული ელოდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend