მთავარი საქართველო თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა

თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა

დიდი კონკურენციის მიუხედავად თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი  პირველივე ცდაზე მოიპოვა და დღეიდან, ერთი წლით, საქართველოს დედაქალაქი წიგნის მოყვარულებისთვის ყველაზე საინტერესო  ადგილი გახდება.

ეს მხოლოდ სტატუსი არ არის…ეს  ქალაქის კულტურის ცენტრად აღიარებაა, რამაც  წესით თბილისში  კიდევ უფრო მეტი ტურისტი უნდა ჩამოიყვანოს,  რადგან წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქებს  მილიონამდე წიგნის მოყვარული ეწვია.

“ერთი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება დავგეგმეთ, რომელიც ქალაქს დარჩება – მაგალითად, საბავშო ბიბლიოთეკა. ლიტერატურის პოპულარიზაციას უამრავი პროექტი ემსახურება. ასევე პროექტები, რომელიც გამომცემლობების მხარდაჭერას გულისხმობს. მოხარულები ვართ, რომ თბილისს ეს სტატუსი მიენიჭა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია  ბასილაიამ.

 
2002 წლიდან იუნესკო ყოველწლიურად თითო ქალაქს არჩევს  და წიგნის დედაქალაქის სტატუსს ანიჭებს.

თბილისამდე ეს სტატუსი მალაიზიის დედაქალაქს ჰქონდა. კუალა ლუმპურის თვითმმართველობამ ამისთვის 5-ჯერ წარადგინა განაცხადი.

ამ სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და საქართველოს მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი 2019 წელს შეიტანეს.

„აღსანიშნავია, რომ პირველივე მცდელობაზე მოვიპოვეთ ეს სტატუსი, რაც მნიშვნელოვანია არამარტო თბილისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. წლის განმავლობაში მრავალფეროვანი პროექტები დავგეგმეთ. შევეცდებით, მხარი დავუჭიროთ არამარტო ქართველ ავტორებს, არამედ საგამომცემლო სფეროში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიონალს“, – ამბობს პროექტის კურატორი, თამარ თოფურიძე.

ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი მწერალთა სახლია, რომელმაც 2021 წლისათვის ოთხი პროექტი დაგეგმა.

ორგანიზაციის დირექტორი, ნატაშა ლომოური ამბობს, რომ წლის ბოლომდე მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაიხსნება.

„ასევე აღსანიშნავია სარეზიდენციო პროგრამა, რაც გულისხმობს ქართველი და უცხოელი მწერლების სტუმრობას სხვადასხვა ქვეყნაში, მარტივად რომ ვთქვათ, ეს გაცვლითი პროგრამა იქნება“, – გვიყვება მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური.

ორი ქვეყანა, სადაც ქართველი მწერლები გაემგზავრებიან, საქართველო კი მათ წარმომადგენლებს მიიღებს, უკვე ცნობილია – პორტუგალია და ესპანეთი.

„მესამე მნიშვნელოვანი პროექტი გამომცემელთა ფორუმია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც ტარდება. ამ სტატუსის გამო იგი წელს განსაკუთრებული იქნება, იმედი, მაქვს რომ ფიზიკურად ჩატარებას მოვახერხებთ“, – ამბობს ნატაშა ლომოური.

მწერალთა სახლი 2024 წლისათვის,  პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსის მოპოვებასაც გეგმავს. ნატაშა ლომოური იმედოვნებს, რომ ამაში საქართველოს, იუსნეკოს მიერ მონიჭებული სტატუსი დაეხმარება.

დღეიდან, საქართველოში წიგნის კითხვის განსაკუთრებული წელი დაიწყება. თუმცა, ღონისძიების ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს პროექტი მხოლოდ ერთწლიანი არ არის – იგი ხანგრძლივ კვალს დატოვებს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეაყვარებს გადაშლილი წიგნების  სურნელს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

წიგნიწიგნი

Send this to a friend